
პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე, სადაც სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის 2024 წლის ანგარიში დეპუტატებს გააცნო, კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ ისაუბრა და ეროვნული ბანკის მუშაობა დადებითად შეაფასა.
მისივე თქმით, ყველა პარამეტრი და რიცხვი იმაზე მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკის მუშაობა წარმატებულია.
„რატომ ვუჭერთ მხარს და რატომ არის ეროვნული ბანკის მუშაობა ახლა დადებითი, კარგი და წარმატებული? ციფრებს დავაკვირდეთ რა ბრძანა ქალბატონმა ნათიამ, ინფლაცია უკვე რამდენიმე წელიწადია ნორმის ფარგლებშია და უფრო დაბლაც, ეროვნული რეზერვები მატულობს ყოველთვიურად, მათ შორის აპრილშიც, რეფინანსირების სესხი მცირედით, მაგრამ მცირდება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნორმალური დამოკიდებულება არის, ე.წ. ცუდი სესხები, როდესაც მსესხებელი ვეღარ იხდის თანხას და ორივე ცუდ დღეშია, ესეც მცირდება. ამასთანავე, რაც ალბათ ჩვენს კომიტეტს ძაან აინტერესებს, 17%-ით გაიზარდა დაფინანსება ეკონომიკის, ანუ ჩვენ ხშირად ვამბობთ უცხოური ინვესტიციების შემოსვლაზე და აქ ადგილზე ხდება ეს დაფინანსება ბანკებიდან.
აქვე ანგარიში ითქვა, რომ 16%-ით გაიზარდა დეპოზიტები მოსახლეობის, ანუ პიროვნებების და დაახლოებით 13%-ით – იურიდიული პირების. მარტო ეს ჩამონათვალი, სხვას არ გავაგრძელებ, რაც აქ ისაუბრა ქალბატონმა ნათიამ, მათ შორის მყისიერი გადახდის სისტემის შემოღება და ა.შ. არ ვიცი სხვა როგორ უნდა შეაფასო თუ არა დადებითად“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.