პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ელჩის გაწვევის მიუხედავად, საქართველო უკრაინის მხარდამჭერ პოზიციას არ შეიცვლის.
„ჰუმანიტარული დახმარების თემაზე ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება, პირიქით, გაცილებით გაიზრდება. მთელი რესურსი იქნება მობილიზებული, არა მარტო სახელმწიფო ბიუჯეტის, არამედ მთელი ქართული საზოგადოების, რომლის ნაწილს შეიძლება, წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, მაგრამ მისასალმებელია მათი აქტივობა. არავის აქვს უფლება, დაიჩემოს, რომ ამას რომელიმე პოლიტიკური პარტია აკეთებს. საზოგადოება განაგრძობს თავის აქტივობებს, ხელისუფლება გააგრძელებს თავის აქტივობებს იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ზელენსკი. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობას, ჩვენ რომც არ ვთქვათ, ნათელიც არის, სააკაშვილი ამბობს თვითონ, ჯერ კიდევ მაშინ თქვა, როცა უკრაინის ელჩმა უპასუხა მის ხეპრულ გამოხტომას პოლიტიკური განცხადებით, მივაღწევ იმას, რომ ელჩი გაწვეული იყოსო. ახლახან განცხადება გააკეთა, რომ პოლიტიკური ლიდერი, რომელიც უკრაინის რადაშია, არის ადამიანი, ვინც მან წაიყვანა პოლიტიკაში, მან წარუდგინა იანუკოვიჩს და შემდეგ მან მიიყვანა ზელენსკისთან გუნდში. დღეს ეს ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი, მათ შორის, ქართველები, რომლებსაც ჩვენი სამართალი ეძებს, არიან შემადგენელი ნაწილი ბირთვისა. მე რომც არ ვთქვა, ალბათ ყველასთვის ნათელია, რომ გარკვეული კავშირი, გარკვეული სინერგია და კოორდინაცია არსებობს იმ საკითხებთან მიმართებით, რასაც ჰქვია უმაღლეს დონეზე ჩვენი ურთიერთობები. სამწუხაროა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო შეიცვლის თავის პოზიციას უკრაინასთან მიმართებით“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
ირაკლი კობახიძე გურჯაანის ღვინის ფესტივალზე იმყოფებოდა