
მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები არ აჰყვნენ ბალტიისპირეთის კაპრიზებს, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, არაერთხელ გვსმენია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები „მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ტერმინებს რეალურ სამყაროში მათთვის სერიოზული მნიშვნელობა არ აქვს.
„ბოლო დღეებში ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის მოგზაურობა ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ააშკარავებს საქართველოს მიმართ ამ ქვეყნებისა და ევროპული ბიუროკრატიის პრობლემურ დამოკიდებულებას, საიდანაც სამი ასპექტი განსაკუთრებით გამოსაყოფია: ეროვნული სუვერენიტეტის უარყოფა, ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრა და გამოგონილი პარალელური სამყაროს შექმნა. სამივე ასპექტი საბჭოთა კავშირის საგარეო მიდგომებს გვახსენებს.
პირველი, ჩვენ არაერთხელ გვსმენია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები „მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ტერმინებს რეალურ სამყაროში მათთვის სერიოზული მნიშვნელობა არ აქვს. როგორ უჭერენ მხარს ეს ქვეყნები საქართველოს სუვერენიტეტს, თუკი ისინი უგულებელყოფენ ქართველი ხალხის უმრავლესობის უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება? რამდენად შეესაბამება „საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას“ ექსპრეზიდენტის აღიარება „საქართველოს ლეგიტიმურ წარმომადგენლად“, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გასული წლის დეკემბერში ამოეწურა? სუვერენიტეტის არსი არ იცვლება იმისდა მიხედვით, თუ ვინ აღიარებს ან ემუქრება მას. საქართველოს მოქალაქეებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ჩაერევა მის უფლებაში, თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება – საბჭოთა კავშირი თუ ლიეტუვა?
მეორე, ხელისუფლებისგან ხალხის რიტორიკულად განცალკევება კიდევ ერთი ძველი და სანდო მეთოდია, რომელსაც საბჭოთა კავშირი მიმართავდა სხვა ქვეყნის სუვერენულ საქმეებში ჩარევის მიზნით. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ბალტიისპირეთის ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსების მცდელობებს, რამდენადაც უშედეგო არ უნდა იყოს ისინი, რომლებიც პრაქტიკულად მიმართულია საქართველოს მთავრობის ქართველი ხალხისგან განცალკევებაზე. ექსპრეზიდენტ ზურაბიშვილის ამჟამინდელი მოგზაურობა ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანაში და მისი ოფიციალური მიღება მიუთითებს, რომ ბალტიელი პოლიტიკოსები ისევ ძველ საბჭოთა მეთოდებს იყენებენ. ისინი თითქოს მკაცრად გმობენ ყველაფერ კომუნისტურს, საბჭოთას და რუსულს, მაგრამ, როგორც ჩანს, მენტალურად მაინც ჩარჩენილები არიან იმ მარწუხებში, რომელთა დამსხვრევაც თითქოს ასე ძალიან უნდათ;
მესამე, ყალბი და ქაოსური ვირტუალური სამყაროს შექმნა, რომელშიც საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სასტიკი დიქტატურაა, ბალტიისპირეთის რეალობას მოკლებულ პოლიტიკას საბოლოო სახეს აძლევს. ამ სიყალბეს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიაზე ზრუნვასთან, მაგრამ აშკარა გეოპოლიტიკური მიზეზებითაა ნაკარნახევი. ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა სასოწარკვეთილად ცდილობენ საკუთარი უსაფრთხოების გაუმჯობესებას რუსეთის ყურადღების სხვაგან გადატანით. ამიტომაც უკრაინაში შეჭრის დღიდან ისინი საქართველოს მოსკოვთან ღია კონფრონტაციისკენ მოუწოდებენ. დაჟინებული მოთხოვნით, რომ საქართველოს – ევროკავშირისა და ნატო-ს არაწევრ ქვეყანას – ორმხრივი სანქციები დაეწესებინა რუსეთისათვის, მათ ქართულ-რუსული ესკალაციის იმედი ჰქონდათ და, ფაქტობრივად, საქართველო საკუთარი ინტერესებისათვის გაწირეს. მათ პოლიტიკას სხვა ლოგიკური ახსნა არ აქვს.
ისე, ბალტიისპირელებს უკრაინა მართლა რომ ადარდებდეთ, საკუთარ ჯარებს უკრაინის ფრონტზე გაგზავნიდნენ. ამისთვის მათ ვინმეს ნებართვა არ სჭირდებათ.
მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები არ აჰყვნენ ბალტიისპირეთის კაპრიზებს, გაარღვიონ ეს მანკიერი წრე და სწორ გზაზე დააბრუნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები“, – წერს შალვა პაპუაშვილი.