ჩვენი მთავრობის პირობებში, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს შექმნასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაში

ჩვენი მთავრობის პირობებში, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს შექმნასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელსაყრელი სავაჭრო ჩარჩო საშუალებას აძლევს კომპანიებს, ისარგებლონ 2.3 მილიარდ მომხმარებლიანი ბაზარით, რასაც არ ახლავს საბაჟო თუ იმპორტის ტარიფები.

„მსოფლიო ბანკის ბიზნესგარემოს კვლევით, საქართველო 2024 წელს 50 ქვეყანას შორის პირველ სამეულში აღმოჩნდა სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად. ამ კვლევისა და რეიტინგის მიზანია კერძო სექტორის განვითარებისათვის ბიზნესგარემოს რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება.

მსოფლიო ბანკის 2023 წლის სამეწარმეო კვლევით შედეგებით, საქართველოს ბიზნესგარემო თითქმის ყველა ასპექტში უკეთესია როგორც მსოფლიოს, ისე ევროპის და ცენტრალური აზიის საშუალო მონაცემებთან შედარებით.

გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო რჩება მსოფლიოს ყველაზე დაბალი საგადასახადო წნეხის მქონე მესამე ქვეყანად, 9.9%-ით.

ფრეიზერის ინსტიტუტის 2024 წლის მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზეა, წინ უსწრებს ევროკავშირის 19 წევრ სახელმწიფოს და უპირობო ლიდერად გვევლინება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის, ისევე, როგორც ფართო რეგიონში.

გარდა ამისა, საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის მიერ ჩატარებული სახელმწიფო ბიუჯეტის ღიაობის კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს პირველი ქვეყანაა საბიუჯეტო გამჭვირვალობის ნიშნით.

საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების საფუძველზე, საქართველო პირველად მოექცა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შეუზღუდავი რეგულირების ინდექსში და კვლავ მე-8 პოზიცია დაიკავა მსოფლიოს ყველაზე ღია ეკონომიკებს შორის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

ჰერითიჯის ფონდის 2024 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო წინ უსწრებს 19 სახელმწიფოს ევროპაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება