ზელენსკის სპიკერი ბაიდენის განცხადებაზე: ზელენსკიმ პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციების დაწესება სთხოვა, თუმცა მათ ამის მოსმენა არ სურდათ

970X90

უკრაინის პრეზიდენტის სპიკერი, სერგეი ნიკიფოროვი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის შეჭრის შესახებ გაფრთხილებების მოსმენა არ სურდა.

სერგეი ნიკიფოროვის თქმით, ფართომასშტაბური შეჭრის წინ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციების დაწესება სთხოვა, თუმცა მათ ამის მოსმენა არ სურდათ.

უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ ზელენსკიმ ბაიდენთან სამი-ოთხი სატელეფონო საუბარი გამართა და ლიდერებმა გაცვალეს მოსაზრებები და შეფასებები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხესთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების შესახებ.

„ამიტომ, [ბაიდენის] ფრაზა „არ უნდოდა მოსმენა“,ალბათ, დაზუსტებას საჭიროებს. გარდა ამისა, თუ გახსოვთ, უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა პარტნიორებს დაეწესებინათ პრევენციული სანქციების პაკეტი, რათა აეძულებინათ რუსეთი, თავისი ჯარები გაეყვანა [უკრაინის საზღვრიდან]. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს პარტნიორებს „ჩვენი მოსმენა არ სურდათ“, – დასძინა ზელენსკის სპიკერმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის შეჭრის შესახებ გაფრთხილებების მოსმენა არ სურდა.

970X90
გაზიარება