კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, თუ ევროპის საბჭოში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა მოხდება დათქმებით, არ მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი პოზიცია

საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი კატეგორიული წინააღმდეგია ევროპის საბჭოში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა მოხდეს გარკვეული დათქმებით.

მედიასთან საუბარში დეპუტატმა განაცხადა, რომ თუ ევროპის საბჭოში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა მოხდება დათქმებით ეს შეეწინააღმდეგება თავად ორგანიზაციის სადამფუძნებლო პრინციპებს.

„დამსწრე საზოგადოებას შევახსენე, რომ ვიდრე გადაწყვეტილებას გამოიტანენ, აუცილებლად გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ დღესდღეობით საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან რუსეთის ფედერაციის მძევლები. ოკუპაციას და რუსეთთან დაკავშირებულ საკითხს ვახსენებ, რადგან ჩვენს ხელისუფლებას ბრალს სდებენ რუსეთის მოკავშირეობაში, თითქოს ვატარებთ რუსულ პოლიტიკას, არ გვინდა ევროპა და მივიწევთ რუსეთისაკენ. ეს არის ძირითადი ბრალდებები, რომლებიც მათგან ჟღერდება.
კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, თუ ევროპის საბჭოში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა მოხდება დათქმებით, არ მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი პოზიცია და ამის შესახებ განვაცხადე სხვადასხვა სხდომაზე, მათ შორის მონიტორინგის სხდომაზე. ნებისმიერ ქვეყანაში ჩვენ მარტივად მოვნახავთ ნებისმიერ დარღვევას, იქნება ეს ადამიანის უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, არჩევნების ჩატარების, თუ თუნდაც პოლიციის მიერ ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება მოხდეს გერმანიაში, საფრანგეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, ნებისმიერ ქვეყანაში. ნებისმიერი ასეთი დარღვევის დროს ევროსაბჭომ უნდა გარიცხოს ქვეყანა ან უნდა შეუჩეროს უფლებამოსილება? ამის მომხრე არ ვარ, ეს ეწინააღმდეგება თავად ორგანიზაციის სადამფუძნებლო პრინციპებს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება