როგორც უნდა გასამართლდეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი და პოლიტიკას შეფარებული ჯაშუშები, ასევე უნდა გასამართლდნენ ე.წ. „საზოგადოებრივი სფეროს“ წარმომადგენლები, რეალურად კი, უცხო ქვეყნის ჯაშუშები სხვადასხვა სახელით და გვარით, რეგალიით და სტატუსით

უაღრესად საინტერესო და ქვეყნისთვის მეტად საჭირო პროცესი დაიწყო რამდენიმე დღის წინ ქართულ პოლიტიკაში, რომელიც საბოლოო ჯამში არსებული პოლიტიკური სისტემის გაწმენდას და გაჯანსაღებას უნდა მოემსახუროს, –  ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, შესაძლოა გვესმოდეს ხელისუფლების, რომ არსებობდა სუბიექტური მიზეზები, რის გამოც ვერ მოხერხდა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც რეჟიმის გასამართლება, მაგრამ რადგან ახლა პროცესი დაიძრა, ის აუცილებლად ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი.

„უაღრესად საინტერესო და ქვეყნისთვის მეტად საჭირო პროცესი დაიწყო რამდენიმე დღის წინ ქართულ პოლიტიკაში, რომელიც საბოლოო ჯამში არსებული პოლიტიკური სისტემის გაწმენდას და გაჯანსაღებას უნდა მოემსახუროს. პირველ რიგში საუბარია პარლამენტის მიერ გამოცხადებულ საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც მართალია დაგვიანებული, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია. შესაძლოა გვესმოდეს დღევანდელი ხელისუფლების, რომ აქამდე ბევრი სუბიექტური მიზეზის გამო ვერ მოახერხა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც რეჟიმის გასამართლება, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ რადგან ეს პროცესი დაიძრა, ის აუცილებლად ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ კრიმინალური რეჟიმია, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. ადამიანების მკვლელობა, წამება, ბიზნესის რეკეტი, კორუფცია ამ პარტიის მმართველობის ყოველდღიურობა იყო, თუმცა მთავარი მაინც ომის დანაშაულია, რომელიც გარე კარნახით მაშინდელმა „ახალგაზრდა ჯაშუშებმა“ ჩაიდინეს, რასაც უმძიმესი შედეგები მოჰყვა. გარდაცვლილი ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები, დაკარგული ტერიტორიები და რაც მთავარია – მუდმივი კონფლიქტური ზონა რუსეთთან. სწორედ ეს იყო სააკაშვილის და მისი ბანდისათვის დავალებების მიმცემთა მიზანი – ქვეყანაში გაუგონარი რუსოფობიის გაჩაღება და მოსაზღვრე ქვეყანასთან მუდმივი კონფლიქტის რეჟიმში ყოფნა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, „ნაცმოძრაობის“, როგორც რეჟიმის გასამართლება და ამ კრიმინალური პარტიის წევრებისა და მათი დამხმარეებისათვის პოლიტიკური საქმიანობის სამუდამოდ აკრძალვა რთული პროცესი არ იქნება. მაქსიმუმ 7 თვის თავზე პარლამენტმა უნდა დადოს ისტორიული დოკუმენტი, რომელიც იქნება სახელმძღვანელო მომავალში თითოეული ქართველი პოლიტიკოსისთვის, რომ არავის ეპატიება ქვეყნის ღალატი და უცხო ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედება.

არანაკლებ საინტერესო პროცესს მისცა ბიძგი საზოგადოებრივმა მოძრაობამ, „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“. მათი სარჩელის მთავარი მიზანი და მოთხოვნა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ საქართველოში მოქმედი ჯაშუშების გასამართლების მოთხოვნაა. სიმართლე გითხრათ, ამ პროცესს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის, როგორც რეჟიმის გასამართლებას.

საზოგადოებამ ნათლად იცის, ვინ არის სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია, ადეიშვილი, მერაბიშვილი და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ, დღევანდელ პოლიტიკაში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ახერხებენ „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებას, მოქმედებენ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტები, სინამდვილეში კი მათი ყველა ქმედება, მათი ყველა საქციელი და მიზანი სრულ თანხვედრაშია „ნაცმოძრაობასთან“, ყველა ერთად კი უცხო ქვეყნის ჯაშუშები არიან. ამის სამტკიცი, განსაკუთრებით ბოლო მოვლენების დროს, თავად პარტიებმა  დაგვიდეს ხელის გულზე, როდესაც აშკარად და დაუფარავად დაიწყეს უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება, გარე ძალების დავალებების შესრულება, რაც მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი მეთოდებით ცვლილებაში და შემდგომ საქართველოს ომში ჩართვაში გამოიხატება.

ამ ყველაფრის მიღმა რჩება კიდევ ერთი, განსაკუთრებით მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი საკითხი – საზოგადოებრივ სფეროებში გაბნეული და ჩანერგილი ჯაშუშები. დღეს, როდესაც ხალხი მიხვდა, თუ რა ფარსთან ჰქონდათ საქმე, პროტესტი არათუ მინელდა, არამედ სულს ღაფავს და 500 ადამიანის შეგროვებას ვეღარ ახერხებენ რადიკალური აქციის ორგანიზატორები და მათი დამფინანსებლები, მაგრამ თუ გადავხედავთ სურათს, დავინახავთ, რომ დისკრედიტირებული და ტალახში გასვრილი პოლიტიკოსები უკანა პლანზე გადავიდნენ, უფრო სწორად მათმა პატრონებმა გვერდზე გაწიეს, ხოლო პროტესტის სადავეები ხელში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა აიღეს. ხშირად ნახავთ მათი კონტროლირებადი ტელევიზიებიდან რეჟისორს, მსახიობს, სპორტსმენს, ბიზნესმენს და ასე შემდეგ… ადამიანებს, რომლებიც ხალხის სახელით გველაპარაკებიან, რეალურად კი უცხო ქვეყნის ჯაშუშები არიან და ზუსტად იგივე დავალებებს ასრულებენ, რასაც პოლიტიკური ფიგურები.

მაგალითისათვის ერთ კონკრეტულ სახელს და გვარს დავასახელებთ – გიორგი ბაჩიაშვილი – უცხო ქვეყნის ჯაშუშის კლასიკური მაგალითი. ეს პიროვნება ჯერ ბიძინა ივანიშვილთან ჩანერგეს, შემდეგ კი, როდესაც დასჭირდათ, პატრონებმა მის წინააღმდეგ გამოიყენეს. თუმცა აქ პერსონალურ საკითხს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. ბაჩიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს და ამის მტკიცებულება მან თავადვე დადო, როდესაც რამდენიმე საათის წინ აღიარა, რომ დიახ – აქციებს მე ვაფინანსებო! დაფარული აღარ არის, რომ არც ბაჩიაშვილი, არც რომელიმე რეჟისორი, მსახიობი, ბიზნესმენი, მოცეკვავე…

უკლებლივ ყველა, ვინც საზოგადოების წევრის სტატუსით სარგებლობს და ქვეყანას ქაოსის, არეულობის და რაც მთავარია, ანტიკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით ხელისუფლების ცვლილებისკენ ექაჩება, ერთი მთავარი პატრონის, თუნდაც ასე ითქვას – გლობალური ომის პარტიის დავალებებს ასრულებენ. სწორედ ამიტომ, როგორც უნდა გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი, როგორც უნდა გასამართლდნენ პოლიტიკას შეფარებული ჯაშუშები, სწორედ ასევე  უნდა გასამართლდნენ ეგრეთწოდებული „საზოგადოებრივი სფეროს“ წარმომადგენლები, რეალურად კი უცხო ქვეყნის ჯაშუშები სხვადასხვა სახელით და გვარით, რეგალიით და სტატუსით. პროცესს, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, მაქსიმუმ 1 წელიწადი დასჭირდეს, ამის შემდეგ კი ჩვენს ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნება, ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს გზა და ასპარეზი გაეხსნებათ, ხოლო ჯაშუშების მარწუხებისგან, ფსევდოლიბერალური ბულინგისგან გათავისუფლებული საზოგადოება თავად შექმნის ისეთ სამოქალაქო საწყისებს, სადაც უცხო ქვეყნის ინტერესების ადგილი აღარ იქნება.“ –  წერს ზაზა შათირიშვილი.

გაზიარება