გურია. ჩოხატაური. სოფელი ქვენობანი – სათაური ასეთია. ძვალსა და რბილში გამჯდარი სუფთა წლები, ძარღვებში მოჩუხჩუხე ტკბილი ბავშვობა.
არასოდეს არაფერი მიმიღია იმაზე მეტი, რაც სოფელმა ქვენობანმა და ჩემმა გურულებმა მომცეს. ყოველ ზაფხულს მამიდას ვსტუმრობდი.
გრძნობათა ხუთი ორგანოდან ერთ- ერთი, ყნოსვა – გურიის ჩაიმ გამიმძაფრა. უცნაური ჩვევა მქონდა : დავდგებოდი ჩაის ორ მწკრივ შორის, გავშლიდი ხელებს და გავირბენდი და გამოვირბენდი, სისხლიც კი მიდენია მაჯებიდან. ნალიას რომ გაავსებდნენ სიმინდით, შევეყუდებოდი, სიმინდის მტვერი თოვლს მაგონებდა და ის თოვა მახარებდა. მდინარეზე კიბორჩხალებს ვიჭერდით მე და ლაშა.
მზიანელი ბიჭი იყო ლაშა, კლასელი და მეგობარი ჩემი. ლაშამ მასწავლა, როგორ დამეძლია კიბორჩხალების შიში. თვალებს დავხუჭავდი და ქვების ქვეშ ვყოფდი ხელებს. როგორადაც არ უნდა მეხვეწნა მამიდასთვის, საღამოს მაინც გადამიყრიდა.
– ჩახანეს არ გავაფუჭებ, ნენა, მაგიზა. როცა დიდობა დავიწყე და დიდი გოგოს დიდ გზებზე რაიმე შემემთხვოდა – თვალებს ვხუჭავდი და ქვენობანში ვიწყებდი მოგზაურობას. ანგელინა ბებოს რა დამავიწყებს, ვიდრე ვარ და ვსუნთქავ. უცნაური ქალი იყო, რამდენიმე ქვედაბოლოს ერთად იცვამდა.
ასანთს რომ სთხოვდი, ძებნას იწყებდა, იწევდა ფენა-ფენა კაბებს და ძლივს პოულობდა. ისეთი შავი და გამჭვარტლული ხელებით დააკრავდა “ჭადს”, მაგრამ ყველაზე გემრიელი იყო. ყველი რომ ამოჰყავდა, მოაგლეჯდა კარგა გვარიანად ჯერ ისევ თბილს, ხელში მომუჭავდა, წვენს გამოადენდა, დააგორგოლავებდა და გამომიწვდიდა, – ჭამეო. წყინტი ყველის იმ გემოს არასოდეს დავუტოვებივარ.
საღამოობით ნევრო ბაბუსა და ამალია ბებიასთან ვიკრიბებოდით. ყველაზე დიდი სკოლა მსოფლიო პოლიტიკისა, სამშობლოს ისტორიისა თუ ადამიანობისა იმ სახლში გავიარე. რამდენჯერ დაგვთენებია.
ვმუსაიფობდით და მანდარინს ვჭამდით ან თხილს. მერე ნევრო ბაბუ ჯაყვას მათხოვებდა და მანდარინის ქერქისგან რაღაც ფიგურებს ვაკეთებდი.
მაშინ შუქი არ იყო და ხან სანთლის ნაღვენთზე ვერთობოდი.
დღეს ყველა მათგანი გარდაცვლილია. ისინი მაშინაც ღრმად მოხუცები იყვნენ. რამდენიმე წლის უკან ჩავედი ჩემს შვილთან ერთად გურიაში. აღარ იყო მდინარე ყურეფა.
– დაშრა ბაყაყების გუბეო – მამიდაჩემმა. როგორ მეწყინა, მეტკინა. ასე მეგონა ჩემი ბავშვობა დააშრეს.
ჩემს ბავშვობას უწოდეს ბაყაყების გუბე და ჩემი ბავშვობა შემომჩერებოდა ასე დამშრალი და ხახადაფჩენილი. აქა-იქღა იყო შემორჩენილი აკაციის ღობეებიც.
ცვლის მოსახლეობა.
არადა როგორ მიყვარდა ფანქრის თავებივით წათლილი. ღობის იქეთ ჩაცუცქულს რამდენჯერ მითვალთვალია გურული ბიჭებისთვის.
ახლა კი ჩემი ბავშვობა მითვალთვალებდა გაბუტული, გაყუსული და შემომწყრალი. ადესა, ადესაც მოვიკითხე, ხეებზე შემოხვეული, წვეტიანი გოდოლიც.
– გადააშენა ხალხმა, ხეზე ძრომიალი რთულიაო – მამიდამ.
– მანდარინიც კურკანტელს ისხამდა, კვიჭიჭი მსხალიც მოვჭერით, ჩაიც და თხილი დავრგეთ. ასე დაჭრილს, დაჩეხილს, დამშრალსა და გაბუტულ ბავშვობას ვუხატავდი საღამოობით ჩემს შვილს ოდაზე. ნახვით კი მესამედიც ვერ ვანახე ჩემი, ჩემი ბავშვობისდროინდელი გურიისა.
ავტორი: დინა მირცხულავა
დასავლურ ქვეყნებს უნდათ, რომ ჩაგითრიონ რუსეთთან ომში. მხოლოდ ამისთვის სჭირდებით, რომ...