ევროპარლამენტარების ნაწილი ქართველ ხალხს ეუბნება – არ გინდათ დემოკრატია, არ დაიცვათ კანონის უზენაესობა, ამის ნაცვლად დაგვიჯერეთ ჩვენ, რადგან ჩვენ ოპოზიცია მოგვწონსო

IMG.GE

„ნამდვილად გაუგებარია, თუ რას ემსახურება ოპოზიციის დღევანდელი შეკრება. არჩევნებში წააგეს, მიიღეს ხმების ის რაოდენობა, რა რაოდენობის ამომრჩეველმაც დაუჭირა მათ მხარი და ახლა რას აკეთებენ ამ გამოსვლებითა და აქციებით, რას ეუბნებიან ხალხს, რომ წავაგეთ, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლა გვინდა და დაგვეხმარეთო?“ – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები პოლიტიკურია, რომლის უკან რეალური ფაქტები არ დგას. „ვფიქრობ, ოპოზიციის ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ თავის მართლებას ემსახურება მათი უცხოელი პატრონების მიმართ, რომელთაც ეუბნებიან, რომ იმიტომ კი არ წავაგეთ, რომ მომხრეები არ გვყავდა, არამედ იმიტომ, რომ არჩევნები გაგვიყალბესო.

ეს კი, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე სიცრუეა. რაც შეეხება ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ჩამოსვლას და მათ მონაწილეობას აქციაზე, ჩემთვის ესეც გაუგებარია. ანუ, ეს ევროპარლამენტარები ქართველ ხალხს ეუბნებიან, რომ არ გინდათ დემოკრატია, არ დაიცვათ კანონის უზენაესობა, ამის ნაცვლად დაგვიჯერეთ ჩვენ, რადგან ჩვენ ოპოზიცია მოგვწონსო.

მათი მხრიდან ეს ოპოზიციის მიმართ მიწოდებული ერთგვარი ხავსია, რომელიც მათ მაინც არ უშველის. მაგალითად, ISFED-მა თავიანთი პირველი ანგარიში 700 000-ს შემთხვევაზე დაკვირვებით მოამზადა, სადაც მხოლოდ 100 დარღვევა აღმოაჩინეს, რომლებიც ან ადგილზევე აღიკვეთა, ან ბათილად იქნა ცნობილი. შესაბამისად, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით რეალური საფუძველი არ არსებობს, მხოლოდ ცარიელი განცხადებები გვესმის, რომელიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ყალბი აღქმების შექმნას ემსახურება“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

IMG.GE
გაზიარება