„ღმერთის ნებაა, რომ ყოველი ჩვენგანი გახარებული და ბედნიერი იყოს. ღმერთმა მოგვცეს მადლი და ძალა, რომ ჩვენთვისაც ყოველი ადამიანი იყოს სიხარული. სულის გადარჩენა მდგომარეობს იესო ქრისტეს შეცნობაში, მისი მცნებების შეცნობაში, მისი ეკლესიის წევრობაში, ეს არის უმთავრესი ცხოვრებაში, გზა ხსნისა და გზა სიხარულისა“, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო, (მუჯირი) ქადაგებისას.
„დღეს არის ხსენება პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების, რომლებიც შეიკრიბნენ ნიკეაში 325 წელს არიოზის მწვალებლობის განსახილველად და დასაგმობად. ეს სწავლება იყო ძალიან სახიფათო ეკლესიისთვის, იმიტომ რომ ძირეულად არღვევდა ჩვენი სარწმუნოების არსს და ამბობდა, რომ უფალი იესო ქრისტე არ არის ღმერთი, არამედ არის ქმნილება, მართალია, უმაღლესი ქმნილება, მაგრამ მაინც ქმნილებაა, ხოლო სულიწმიდა არის უკვე იესო ქრისტეს ქმნილება. აი, მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთი სწავლება იყო. წმინდა მამები ამხელდნენ ამ სწავლებას, სულის გადარჩენის სწავლების თვალსაზრისით. ისინი ამბობდნენ, რომ თუ დავუშვებთ, რომ იესო ქრისტე არ არის ღმერთი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სულის ცხონებაც ფანტაზია ყოფილა და ჩვენ არ ვეზიარებით ცოცხალ ღმერთს, არამედ ქმნილებას. შესაბამისად, იესო ქრისტეს სწავლებაც არ ყოფილა საღმრთო, არ ყოფილა უტყუარი, არამედ – ადამიანური და, შესაბამისად, არაჭეშმარიტი და ა.შ. ამ კრებაზე შემოიტანეს ახალი ტერმინი ,,ჰომოუსიოსი“, ანუ ერთარსი, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ ჩვენს „მრწამსში“. როგორც გახსოვთ, ამ წმინდა კრებაზე მონაწილეობდნენ ისეთი დიდი მამები, როგორებიც იყვნენ: წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი და გამორჩეული მოღვაწე, მართლმადიდებლობის მამად წოდებული, წმინდა ათანასე ალექსანდრიელი. დიდება და მადლობა უფალს, რომ მოგვივლინა ასეთი ადამიანები, ასეთი დიდი მოღვაწეები და მამები უფალმა. დღეს წარმოდგენილია სახარება, სადაც განსაკუთრებით ნათლად ჩანს ძე ღმერთის ერთარსობა მამასთან, სადაც ჩანს, რომ უფალი იესო ქრისტე არის ძე ღმერთი, მაცხოვარი სოფლისა და რომ სულის გადარჩენა მდგომარეობს იესო ქრისტეს შეცნობაში, მისი მცნებების შეცნობაში, მისი ეკლესიის წევრობაში, რომ ეს არის უმთავრესი ცხოვრებაში, გზა ხსნისა და გზა სიხარულისა“, – განაცხადა მეუფემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან ერთად, ყაზახეთის...