გამოცემა “ეურაქტივი” ნიკოლოზ სამხარაძისა და გიორგი ხელაშვილის საავტორო სტატიას აქვეყნებს – საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი

IMG.GE

საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა „ევროაქტივი“ საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძისა და მისი მოადგილე გიორგი ხელაშვილის საავტორო სტატიას.

„საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი მოულოდნელი არ ყოფილა. ეს არც მთავრობის ახირება ყოფილა და უკრაინელებისადმი ევროპელების მზარდი სიმპათიის ცინიკური გამოყენება“, – წერენ სამხარაძე და ხელაშვილი.

საავტორო სტატიაში საქართველოს პარლამენტის წევრები აკრიტიკებენ „ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს. მათი თქმით, ამ ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისიის მოთხოვნით შედგენილი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ეხებოდა და ლოგიკურად ყველა ელოდა, რომ კვლევითი ორგანიზაცია ანალოგიურ დოკუმენტს საქართველოს შესახებაც გამოაქვეყნებდა.

„საკვირველია, რომ საქართველოს შემთხვევაში, „ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრი“ შემოიფარგლა ძალზედ იმედგამაცრუებელი შეხედულებით, რომელშიც უამრავი არასწორი და სადავო ინფორმაციაა მოცემული და ორი პატივცემული ავტორი ამტკიცებს, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი „საეჭვოა“. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს „პარადოქსად“ მოხსენიებით, ავტორებმა არჩიეს უგულებელეყოთ მტკიცებულებები, დაყრდნობოდნენ მხოლოდ ჭორებსა და ცალმხრივ პოლიტიკურ მოსაზრებას საქართველოს პოლარიზებული პოლიტიკური დისკურსიდან. ფაქტების უგულებელყოფით, ავტორები განიხილავენ საკუთარ თავსმოხვეულ „პარადოქსის“ ცნებას, ნაცვლად იმისა, რომ ეცადათ, უფრო სიღრმისეულად გაეგოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მტკიცე და თანმიმდევრული ლოგიკა“, – ნათქვამია სტატიაში.

ქართველი დეპუტატები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ „ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის“ მიერ მომზადებულ ანგარიშში ავტორები საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილის შესრულებას შთამბეჭდავს უწოდებენ  და აცხადებენ, რომ საქართველომ ამ თვალსაზრისით აჯობა არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებსაც. ასევე, ამავე ცენტრის მიერ შარშან ჩატარებულ კვლევაში საუბარია საქართველო მიერ კორუფციის დიდწილად აღმოფხვრაზე.

„მაშ, რა წავიდა არასწორად ახლა? ამ სტატიასთან დაკავშირებით პრობლემას წარმოადგენს რთული მეთოდოლოგია. მაშინ, როდესაც ანალიზის პირველი ნაწილი დაფუძნებულია სერიოზულ კვლევებზე, ფაქტობრივ მონაცემებზე, რომლებიც მიუთითებენ ყველა სფეროში გატარებულ რეფორმებში საქართველოს შთამბეჭდავ წარმატებაზე, სტატიის მეორე ნაწილი დაწერილია ანეკდოტური (და ხშირად არასწორი) ბმულებით საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე. სწორედ ეს მოვლენებია მოყვანილი საქართველოს პროგრესის გაუფასურების „არგუმენტად“. თანმიმდევრულობა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არის არგუმენტებსა და ფაქტებს შორის, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა გამოიწვია ოპოზიციის ხმაურიანი რეაქცია, არამედ ოპოზიციის მიერ საქართველოს პარლამენტში არაპროვოცირებულმა და გაუმართლებელმა საბოტაჟმა და მათ მიერ კანონის დარღვევამ მიიყვანა ქვეყანა პანდემიის პერიოდში პოლიტიკურ კრიზისამდე“, – აცხადებენ საქართველოს პარლამენტის წევრები.

ამასთან ერთად, ქართველი დეპუტატები „ევროაქტივის“ სტატიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ გაწეულ ძალისხმევას ძირი ქართულმა ოპოზიციამ გამოუთხარა, როდესაც არ მოაწერა ხელი მიშელის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას.

როგორც საქართველოს პარლამენტის წევრები აცხადებენ, როდესაც ანალიზის დროს გამოყენებული მეთოდი არასწორია, როდესაც თარიღები, მხარეები, ფაქტები და შედეგები არეულია, არაა გასაკვირი, რომ „ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის“ წლევანდელი დასკვნა სრულად განსხვავებულია მათ მიერ ერთი წლის წინ უფრო სიღრმისეულად ჩატარებული კვლევის რეზულტატისგან.

„კერძოდ, ანალიზში ამჯერად გამოტოვებულია საქართველოს მთავრობის მიღწევები. მათ შორის, კონსტიტუციური სისტემის ხელახლა დაბალანსება, რაც უფრო მეტ კონტროლსა და ბალანსს უზრუნველყოფს, მკვეთრად გაუმჯობესებული სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლების ხარისხი, თვალშისაცემი პლურალისტური პოლიტიკური გარემო და მართლმსაჯულების მიმართ ისტორიულ მაქსიმუმამდე გაზრდილი ნდობა. „ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრის“ სტატიაში ასევე არ არის ნახსენები ხალხის მხრიდან მთავრობის პოლიტიკის მხარდაჭერა. ამგვარად კი მათი დასკვნაა, რომელიც ავტორთა ლოგიკიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს მიღწევებს მხოლოდ და მხოლოდ ტექნოკრატიული ხასიათი აქვს, ხოლო ზოგადი პოლიტიკური გარემო გაჯერებულია დემოკრატიისგან უკუსვლით. თუმცა, ცხადია, რომ მთავრობის მტკიცე პოლიტიკური ნების გარეშე ქვეყანა ვერ მიაღწევდა ვერც ერთ ხშირად ნახსენებ შთამბეჭდავ წინსვლას, იქნება ეს ეკონომიკაში, პოლიტიკურ სისტემაში თუ მართვაში“, – ნათქვამია ქართველი დეპუტატების სტატიაში.

საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე აღნიშნავენ, რომ საქართველოს დემოკრატიული სიმტკიცე გამოჩნდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები გაუმკლავდნენ პოლიტიკურ არასტაბილურობას, ასევე „კოვიდ-19“-ის პანდემიას და სულ ახლახან კატასტროფულ რეგიონულ რყევებს, რაც გამოიწვია რუსეთის შეჭრამ უკრაინაში.

„საქართველოს მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნება“ ევროკავშირში 2024 წელს გაწევრიანების შესახებ განაცხადის შეტანა ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში გამოაცხადა მთავარ საარჩევო დაპირებად და გაიმარჯვა ამ არჩევნებში ამ დაპირების მიმართ მოსახლეობის დიდი მხარდაჭერის წყალობით, რადგან ევროპულ ინტეგრაციას მოქალაქეების 80 პროცენტზე მეტი უჭერდა მხარს. საქართველოს მეტად არ სჭირდება მისი დემოკრატიული მიღწევების მდგრადობის დამტკიცება, რადგან ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა რუსული აგრესია 1990-იან წლებში, შემდეგ კი 2008 წელს, და მიუხედავად ამისა, დარჩა დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ქართველები დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენი შთამბეჭდავი მიღწევები რეფორმებში, ჩვენი ერთგულება დემოკრატიისადმი, მიუხედავად ჩვენი ომით დაზარალებული საზოგადოებისა, ჩვენი უპირატესობა როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მსურველებთან, ისე ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთანაც, და ყველაზე მეტად ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა, აძლევს საშუალებას საქართველოს, ჰქონდეს სურვილი, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ამ მიზეზების გათვალისწინებით, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას  დამსახურებებზე დაფუძნებით და ევროკავშირის შეთანხმების 49-ე მუხლის სულისკვეთებით მიიღებს“, – აცხადებენ ქართველი დეპუტატები „ევროაქტივში“ გამოყენებულ საავტორო სტატიაში.

IMG.GE
გაზიარება