დიდი აჟიოტაჟია ამტყდარი ევროკავშირის თემის გარშემო. ყველა საუბრობს იმაზე, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი შეიძლება მიიღონ და ჩვენ – არა. ხელისუფლება ასეთ შესაძლო შედეგს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს აბრალებს, ხოლო ოპოზიციის რადიკალური ნაწილი – ხელისუფლებას.
სინამდვილეში, საქმე სულ სხვა რამეშია.
თავიდანვე გამიკვირდა, რაში დაჭირდათ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატობის შეთავაზება. გაჩაღებული ომის დროს უკრაინისთვის ამ სტატუსის მიცემა იმდენად არასერიოზულია, რომ მცირე სოლიდარობის აქტადაც კი შეუძლებელია ჩაითვალოს. ეს ამბავი რომ გავიგე, მეგობრების წრეში მაშინვე ვთქვი, რომ ევროკავშირის თემა ამერიკელებმა საქართველოსთვის მოიგონეს და შემოგვიგდეს.
რუსეთის ეშინიათ და ამიტომ ნატოს შეთავაზება ვერც კი გაბედეს. ევროკავშირი მარტივი იყო, რადგან მათთვის არც უსაფრთხოების რისკებთან არის დაკავშირებული, არც ფინანსურ დანახარჯებთან და არც რაიმე სხვა დისკომფორტთან.
სცენარი მარტივი იყო – მას შემდეგ, რაც უკრაინა და მოლდოვა შეიტანდნენ განაცხადს კანდიდატობაზე, საქართველოც იძულებული გახდებოდა ანალოგიური ნაბიჯი გადაედგა. ახლა კი, როდესაც ხელისუფლებამ განაცხადი შეიტანა, უკვე დაიწყეს ოპოზიციის ხელით ხელისუფლების დაშანტაჟება. ანუ ერთი ხელით ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებენ, რისთვისაც “კრედიტ სუისის” თემა მოიგონეს და გადარიცხვებს უჩერებენ, ხოლო მეორე ხელით ხელისუფლებას აშანტაჟებენ, რისთვისაც ევროკავშირის თემა მოიგონეს.
რადგან ივანიშვილი ვახსენე, იმასაც ვიტყვი, რომ შვეიცარიიდან გადარიცხვების შეფერხება ისევ გრძელდება, რაც ერთი კვირის წინ მისმა ადვოკატმაც დაადასტურა. შესაბამისად, ჩანს, რომ „კრედიტ სუისი“ კიდევ დიდხანს არ დაკარგავს აქტუალობას, როგორც ივანიშვილის დაშანტაჟების ინსტრუმენტი.
ევროკავშირის კანდიდატობა ბევრს რომ არაფერს ნიშნავს, წესით, საქართველოში უკვე ყველამ უნდა იცოდეს. თურქეთი, ალბანეთი, მაკედონია, სერბეთი და მონტენეგრო დიდი ხანია კანდიდატები არიან, თუმცა, მათი უმეტესობა, უკვე 10 წელიწადზე მეტია ამაოდ ელის ევროკავშირის წევრობის ახლო პერსპექტივასაც კი.
თუმცა, კანდიდატის სტატუსის ფიქტიურობის მიუხედავად, ისიც ადვილი გამოსაცნობია, რომ წინასწარ დაწერილი სცენარის აღსრულება საზოგადოებაში სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს. გათვლა ახალგაზრდებზეა, რომლებიც აღშფოთდებიან იმით, რომ ევროკავშირმა ხელისუფლებას კანდიდატობაზე უარი უთხრა, გამოვლენ ქუჩაში და მერე ნიკანორ მელიათი, მამუკა ხაზარაძითა და ნინო ბურჯანაძით დაწყებული და გიგა მაქარაშვილით, მიშა მშვილდაძითა და ვახო სანაიათი დამთავრებული, ნაციონალური მოძრაობის სრული სპექტრი ეცდება ეს მღელვარება რევოლუციაში გადაზარდოს.
სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ ამერიკელებისთვის მიუღებელია. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს – ადამიანის ბუნებაა, რომ გერს ყოველთვის საკუთარი შვილი ურჩევნია. სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია და უსუფაშვილი მათთვის შვილები არიან. ეს არის მათი აგენტურა, ახალი ქართველი ღამურები, რომლებიც წლების განმავლობაში გამოზარდეს და რომლებსაც ნებისმიერ არაპატრიოტულ ნაბიჯზე მოაწერინებენ ხელს. სწორედ ამიტომაა, რომ ამდენი წელია ამერიკელები ხელისუფლებას არ დახმარებიან. საქართველოს ვითომ წელიწადში 100 მილიონ დოლარს აძლევენ და იმასაც თითქმის მთლიანად საკუთარ ენჯეოებს ახარჯავენ.
ევროკავშირის თემაც სწორედ იმიტომ მოიგონეს, რომ ხელისუფლების აყირავების სხვა ინსტრუმენტი არ აქვთ. საქართველოს დაფინანსებას რომ აძლევდნენ, ფულით დააშანტაჟებდნენ, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, რასაც არ გვაძლევენ, რას გაგვიჩერებენ.
ასი პროცენტით ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. ივნისის ბოლოს უკრაინასა და მოლდოვას არაფრისმომცემ ევროკავშირის კანდიდატობას მისცემენ, საქართველოს კი ამაზეც უარს ეტყვიან. შემდეგ, გამოვლენ ნაციონალები, აიყოლიებენ ახალგაზრდებს და მათ ირაციონალურ ემოციებს ამოფარებულები პარლამენტში შეჭრას კიდევ ერთხელ ეცდებიან.
მოკლედ, ქვეყნისთვის სახიფათო მოვლენების განვითარებას უნდა ველოდოთ. დიდია იმის ალბათობა, რომ ამერიკელები ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან. ამის შედეგები კი, ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იქნება.
რაც მთავარია, ამ ყველაფრის კულმინაცია რევოლუცია არ არის.
კულმინაცია საქართველოში ომია, რომელიც ახლა ამერიკას უკრაინაში რუსეთის დასამარცხებლად სასიცოცხლოდ ჭირდება. ნაციონალური მოძრაობა კი, ომისთვის უკვე გამზადებულია და ნებისმიერ დავალებაზე ხელის მომწერია, როგორი დამღუპველიც არ უნდა იყოს ეს დავალება საქართველოსთვის.
ეს ომი მე პირადად საქართველოსთვის სრულიად საბედისწერო მგონია, თორემ ამერიკის გულისთვის ვინ არ იომებდა. სწორედ ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა გამოიჩენს მისთვის ჩვეულ სულიერ სიმტკიცეს და სიბრძნეს და არ დაუშვებს ქვეყანაში ამ მძიმე სცენარის განვითარებას.
ზაზა შათირიშვილი, ფილოსოფოსი
ჩვენ ამ სიგიჟეს საკუთარი „game over“-ით ვუპასუხებთ, როდესაც კონსტიტუცია აუცილებლად გაანადგურებს...