საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა მუშაობა „კულტურის კოდექსის“ პროექტზე, რომელიც დაარეგულირებს კულტურის ყველა სფეროს, მათ შორის, კულტურულ და ბუნებრივ მემკვიდრეობას,- ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
„ასევე მუშაობა მიმდინარეობდა თეატრებისა და სახელოვნებო განათლების მარეგულირებელ დოკუმენტებზე.კულტურის მართვის ეფექტიან მოდელზე გადასვლის მიზნით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცდა „კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესი“, რომელიც ითვალისწინებს როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე კულტურის სფეროში მოქმედი ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების დაფინანსების განახლებულ მიდგომებს.
ასევე შემუშავდა და დამტკიცდა „კულტურის ხელშეწყობის პროგრამა“, რომლითაც განისაზღვრა 11 პრიორიტეტული მიმართულება წიგნისა და ლიტერატურის, თეატრის, კინოს, სახვითი და თანამედროვე ხელოვნების, სახელოვნებო განათლების, ქართული ფოლკლორის განვითარების მიმართულებით, კულტურაზე ხელმისაწვდომობისა და კულტურაში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით.
2021 წელს, პროგრამის ფარგლებში ჩატარებული 46 კონკურსის შედეგად, დაფინანსდა 460-მდე პროექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. გარდა ამისა, განხორციელდა 50 არასაკონკურსო წესით დაფინანსებული პროექტი.
2022 წელს, კულტურის სფეროს მზარდი მოთხოვნების შესაბამისად, გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი და ქვეპრიორიტეტების ჩამონათვალი, რომელიც მოიცავს 36 საკონკურსო, 57 არასაკონკურსო და 4 სატენდერო ღონისძიებას. მიმდინარე წელს 23 კონკურსი ჩატარდა, საიდანაც 160-მდე პროექტი დაფინანსდა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შეიქმნა გენერალური ინსპექცია, რომლის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვა წარმოადგენს“,-ნათქვამია ანგარიშში.
ტრამპის გამარჯვება მხოლოდ აშშ-ის გამარჯვება არ იყო – ძალიან კარგია, რომ...