ქეთევან დედოფლის გამზირზე მეორე ეტაპის სამუშაოების განმავლობაში, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება

IMG.GE

ქეთევან დედოფლის გამზირზე შემდეგი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეიდან, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება თელავის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდგომ ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით, – ამის შესახებ ინფორმაცის თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის განმავლობაში, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მომავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ, თელავის ქუჩის შემდეგ ბოჭორმის ქუჩაზე, ხოლო ბოჭორმის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით. მეტროსადგურ „ავლაბარიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის შეზღუდული იქნება გადაადგილება ქეთევან დედოფლის გამზირიდან თელავის ქუჩის მიმართულებით და თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით.

მეტროსადგურ „ისნიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეზღუდული იქნება კაჩინსკის ქუჩის კვეთიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, ხოლო კაჩინსკის ქუჩიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ბოჭორმის, ა. ზურაბაშვილისა და წურწუმიას ქუჩების გამოყენებით.

ბოჭორმის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქეთევან დედოფლის გამზირზე, ასევე, თელავის, წინანდლისა და იალბუზის ქუჩებზე. იალბუზის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს კი ბოჭორმის ქუჩაზე გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:

ავტობუსები: N305, N309, N325, N333, N337, N393 და მიკროავტობუსები: N462, N472, N528, N534, N540 მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით კაჩინსკის ქუჩის გადაკვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოძრავებენ, შემდეგ მოძრაობას კაჩინსკისა და ბოჭორმის ქუჩების მიმართულებით განაგრძობენ და ქეთევან დედოფლის გამზირზე გადავლენ, რის შემდეგაც დადგენილი სქემით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებით, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაადგილდებიან თელავის ქუჩის გადაკვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, რის შემდეგაც, მოძრაობას ბოჭორმისა და კაჩინსკის ქუჩების მიმართულებით განაგრძობენ, ხოლო კაჩინსკისა და ქეთევან დედოფლის გამზირის გადაკვეთიდან უკვე არსებული სქემით იმოძრავებენ.

IMG.GE
გაზიარება