ჟურნალისტი გგია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
“მოდით და პირდაპირ ვთქვათ ის მიზეზები, რის გამოც დაიწყო გავეშებული თავდასხმა ერეკლე მეორეზე. ალბათ დამეთანხმებით, რომ აქ ასე ვთქვათ არც „ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“ და არც ჩვენი დიდი მეფის გარკვეულწილად საკამათო გადაწყვეტილების მიღებაზე მსჯელობა არ არის მთავარი.
აქ რამდენიმე საკმაოდ მარტივი მიზეზია. პირველი მიზეზი საკმაოდ საინტერესოა და ის საკუთარი თავის წარმოჩენის დაუოკებელი სურვილია. შეიძლებოდა ამ ლტოლვისადმი ე.წ. „კარადიდან გამოსვლის“ (coming out) ახალი ფორმა გვეწოდებინა, მაგრამ ეს სხვა თემაა და ახლა არ ვიმსჯელებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ტრადციების, ავტორიტეტების, სიმბოლოების „ჩარეცხვის“ მცდელობა უნიჭობის გამოხატვაა.
ისინი ჰგვანან იმ ბრბოს, რომელიც გრიგოლ რობაქიძეს ჰყავს აღწერილი „ჩაკლულ სულში“. ბრბოს, რომლებიც კლავენ ცხენს, იმიტომ, რომ ის ჯიშიანია და ანადგურებენ ლამაზ ნივთებს იმიტომ, რომ არა აქვთ არც უკეთესის შექმნის უნარი და არც ესმით მათი მნიშვნელობა. სამაგიეროდ აქვთ ძალა. ბრბოს ძალა.
ისინი კი ვისაც ეს „ძალა“ არ გააჩნია, მაგრამ თავის გამოჩენა უნდა ჰგვანან გამსახურდიას იგავ-არაკის „დრენდოუტი და გუდურა“ გუდურას, რომელსაც სურს, რომ ხალხმა დრენდოუტთან მებრძოლი რაინდი უწოდოს.
Because-ს შექმნის იდეა ჯონ ლენონს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც იოკოს ბეთჰოვენის „მთვარის სონატის“ „უკუღმა“ დაკვრა სთხოვა. სიმღერის ტექსტი პოეტური და რომანტიკულია, ლენონის, მაკარტნის და ჰარისონის ვოკალები კი განუმეორებელ ჰარმონიას ქმნიან. ბითლზებმა ბეთჰოვენის „ჩარეცხვა“ კი არ მოითხოვეს, მათ საკუთარი შექმნეს.
ბითლზებს შეეძლოთ.
„ჩამრეცხავ“ ხალხს დღეს საკმაოდ მომგებიანი თემა – რუსეთის თემა აქვთ. მე პირადად არ მსმენია, რომ მსგავსი „პრობლემა“ მდგარიყო ირანთან, თურქეთთან, არაბეთთან, ან თუნდაც მონღოლეთთან მიმართებაში.
ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ ე.წ. „რუსული საკითხი“ დღეს „ძალიან მომგებიანია“. ვინც შეეცდება გამოთქვას რაიმე საწინააღმდეგო მოსაზრება „ჩამრეცხავების“ მისამართით, მაშინვე ეწებება იარლიყები „რუსეთუმე“, „პუტინის მონა“, „ბნელ წარსულში დაბრუნების მსურველი“ დ.ა.შ.
ცხადია არავის სურს გახდეს ამ ფორმის ბულინგის მსხვერპლი და ამიტომ ბურთი და მოედანი იმ ხალხის ხელშია, ვინც მსგავსი თემებით ცდილობენ საკუთარი პატრიოტიზმის და ამით საკუთარი მნიშვნელობის გამოხატვას.
და ბოლოს – საზოგადოებაში არსებობს ე.წ. შიმშილი პატრიოტული, ეროვნული თემების მიმართ და რეაქცია ამ შემთხვევაში ერეკლე მეორეს დაცვაში გამოიხატა, რამაც “ჩამრეცხავების“ გარკვეულწილად გაპიარება გამოიწვია.
ბუნებრივია ხალხს სჭირდება რეფორმები, ბუნებრივია სჭირდება ცივილურ სამყაროსთან ინტეგრაცია, სჭირდება თავისუფლება, მაგრამ ცხოვრებისთვის, წინსვლისთვის აუცილებელია რაღაც ძვირფასი, ლამაზი, საამაყო რომელიც ჟრუანტელად გივლის და გაგრძნობინებს, რომ კი არ ცოცხლობ, არამედ ცხოვრობ.
ჩემი აზრით მდინარე იორდანეს ნაპირას საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადმოცემის საერთო-სახალხო აღნიშვნა, საზოგადოების ნების გამოხატვა და „ჩამრეცხავებზე“ მორალური გამარჯვება იქნებოდა. ის მორალური გამარჯვება, რომელიც მაინც ჩვენი თანამდევი იქნება და რომელსაც ვერაფრით წაგვართმევენ”– წერს გია გაბრიჭიძე.
ჯანდაცვის სისტემის განვითარება განსაკუთრებული პრიორიტეტია, ასევე სერიოზული ინვესტიციები ჩაიდება მულტიფუნქციური სპორტული...