გურჯაანში, კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა დაიწყო.
როგორც გურჯაანის, სიღნაღის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობით საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა ტურიზმისთვის ახალი მიზიდულობის ცენტრი გახდეს.
„გასტრონომიული აკადემიის მშენებლობით, შესაძლებლობა ეძლევა არა მხოლოდ გურჯაანს და კახეთს, არამედ საქართველოს რომ გასტრონომიულ რუკაზე აღმოჩნდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება როგორც ახალი მიზიდულობის ცენტრი ტურიზმისთვის, ასევე, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. მინდა ხაზი გავუსვა და აღვნიშნო, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის როლი და უდიდესი წვლილი კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის ბასკეთის მხარესთან მოლაპარაკებებისა და სასწავლებლის დაფუძნებაში. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის,“ – განაცხადა პარლამენტის წევრმა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში აშენდება 50 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და მოეწყობა რეკრეაციული სივრცე. თანამედროვე სტანდარტების აკადემიაში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები, სასწავლებელი აღიჭურვება უახლესი ტექნიკით, ინვენტარით და შენობა სრულად იქნება ადაპტირებული, ხოლო სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება 2024 წელს მოხდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის და კონკრეტულად კახეთის რეგიონისთვის – გურჯაანში საფუძველი ეყრება უმაღლესი სტანდარტების პროფესიული სასწავლებლის, კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობას, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში დაფუძნდა. მოხარული ვარ, რომ ეს აკადემია საქართველოს მოქალაქეებს შესთავაზებს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც ქართველებთან ერთად უცხოელი სტუდენტებიც ისწავლიან,“ – აღნიშნა მინისტრმა.
ღონისძიების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობის თაობაზე შესაბამის წერილსაც მოეწერა ხელი, რომელიც კაფსულაში განთავსდა, ხოლო ცერემონიის დასასრულს, ბასკი კოლეგების მიერ ნაჩუქარი ხე აკადემიის ტერიტორიაზე დაირგო.
კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა, ესპანეთის სამეფოს ბასკეთის ნაციონალური პარტიის პრეზიდენტმა ანდონი ორტუსარმა, ბასკეთის კულინარიული ცენტრის სამაგისტრო პროგრამების დირექტორმა იდოია კალეხამ, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და უნარების სააგენტოს დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა.
კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიის აკადემიის მშენებლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორციელებს.
საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ შეაჩერა