თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ფინეთთან და შვედეთთან ნატოში გაწევრიანების შესახებ არ იყო მოსალოდნელ დონეზე და ანკარა დადებით პასუხს ვერ გასცემს ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თურქეთის სახელმწიფო მაუწყებელ TRT Haber-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვიდრე ერდოღანი თურქეთის მეთაურია, ნატოში შესვლაზე ნამდვილად ვერ გავცემთ დადებით პასუხს ქვეყნებს, რომლებიც ტერორიზმს მხარს უჭერენ. ისინი [ფინეთი და შვედეთი] არ არიან პატიოსნები და გულწრფელები. ჩვენ არ შეგვიძლია გავიმეოროთ წარსულში დაშვებული შეცდომა იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებიც კვებავენ ასეთ ტერორისტებს ნატოში, რომელიც უსაფრთხოების ორგანიზაციაა“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
27 მაისს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა უნდა შეწყვიტონ ტერორიზმის მხარდაჭერა, თუ ნატოში გაწევრიანება სურთ.
25 მაისს, თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი წინ არ წავა, თუ სტოკჰოლმი და ჰელსინკი უსაფრთხოების სფეროში თურქეთის პრობლემებს არ გადაჭრიან.
13 მაისს, ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. მისივე თქმით, შვედეთი და სხვა სკანდინავიური ქვეყნები მხარს უჭერდნენ ქურთების შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებს უწოდებს.
სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკისათვის საქართველოს მიმართ ასეთია: სავაჭრო ურთიერთობები – არა! უვიზო...