პრემიერ-მინისტრმა ინტერპელაციის ფორმატში დეპუტატების კითხვებს უპასუხა. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისგან ოპოზიცია პასუხს ითხოვდა კითხვაზე რა სამართლებრივ ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორია რუსეთის მიერ სანქციების რეჟიმის დარღვევისთვის არ იქნას გამოყენებული, რადიკალებმა ინტერპელაციის წესი დაარღვიეს და პარლამენტის მთავარი ტრიბუნა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის საკითხისთვის გამოიყენეს.
უფრო სწორედ, ოპოზიციის სახელით პარტია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა კითხვით მიმართა მთავრობის მეთაურს და დაინტერესდა ჰქონდა თუ არა შანსი ენახა ევროპის ერთ-ერთ მთავარ გაზეთ Le Figaro-ში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც სამადაშვილის შეფასებით ადასტურებს, რომ საქართველო შორდება ევროკავშირს და უახლოვდება რუსეთს.
ცნობისთვის, Le Figaro-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ პუტინის ყოფილი ნომერ პირველი საჯარო მტერი, მიხეილ სააკაშვილი, 54 წლის ასაკში ციხეში ნელი სიკვდილით კვდება. სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა სათაურით – „საქართველო შორდება ევროკავშირს, რათა დაუბრუნდეს მოსკოვის ორბიტას“, ნათქვამია, რომ პატარა კავკასიური რესპუბლიკის ქარიზმატულმა და პროევროპელმა ექსპრეზიდენტმა შესაძლოა, დიდხანს ვერ გაუძლოს არასათანადო მოპყრობას, რომლის მსხვერპლიც ის არის.
სამადაშვილმა კითხვა დასვა, მაგრამ პასუხს არ დაელოდა, სხდომათა დარბაზი დატოვა. ოპოზიციონერი დეპუტატის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ Le Figaro-ში გამოქვეყნებული სტატია შეკვეთილია რაფაელ გლუკსმანის მიერ, რომელიც იყო მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი, როცა ის ხალხს კლავდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა და რეალურად ქვეყანას წარმოაჩენდა, როგორც ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, სტატიის ავტორი იზაბელ ლასერი არის გლუკსმანის მეგობარი.
„მე ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო აქ გამოსულ სააკაშვილის პარტიას, „ნაცმოძრაობას“ და ამ დესტრუქციულ უპასუხისმგებლო ადამიანებს, რომლებიც იმეორებენ სიყალბეს, სიცრუეს, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე ზიანი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. ახლა დეტალები და ფაქტები – აქ რამდენჯერმე სიამაყით გაიმეორეს და მოიყვანეს ფრანგულ გამოცემა „ფიგაროში“ გამოქვეყნებული სტატია და როგორც კატასტროფა, ისე წარმოაჩინეს.
რეალურად, ეს არის მორიგი, ბინძური, ანტისახელმწიფოებრივი სტატია და ეს სტატია არის შეკვეთილი ბატონი რაფაელ გლუკსმანის მიერ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ვინ არის რაფაელ გლუკსმანი. ის იყო მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი იმ დროს, როდესაც სააკაშვილი ხალხს კლავდა, ხოცავდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა და რეალურად ქვეყანას წარმოაჩენდა, როგორც ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოს.
ეს ადამიანი, გლუკსმანი დღეს არის ევროპარლამენტარი. ის შემდეგ აქტიურად იყო ჩართული იმდროინდელი ხელისუფლების პოლიტიკის განსაზღვრაში. ამ სტატიის ავტორი გახლავთ ქალბატონი იზაბელ ლასერი, რომელიც არის ბატონი გლუკსმანის მეგობარი. შესაბამისად, ეს არის გლუკსმანის შეკვეთილი სტატია. ეს არის მორიგი მხილება თქვენი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება სტატიის დამკვეთს, ევროპარლამენტარ რაფაელ გლუკსმანს, რომელიც საქართველოს თავისუფლების გზას მხოლოდ სააკაშვილის თავისუფლებაში ხედავს, ის არის ყოფილი შს მინისტრის მოადგილის, ეკა ზღულაძის მეუღლე, ამავე დროს ის იყო სააკაშვილის მრჩეველი. მრჩევლის გარდა გლუკსმანი სააკაშვილის პირადი მეგობარი იყო და გარკვეულ სქემებში იყო ჩართული. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სწორედ მას დაევალა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება.
გლუკსმანი კონკრეტულ თანამდებობზე მუშაობდა და ძალიან მაღალ ანაზღაურებას იღებდა და წინა ხელისუფლების პოლიტიკის პოპულარიზებას ცდილობდა მსოფლიო მასშტაბით – ის აქვეყნებდა სტატიებს გავლენიან უცხოურ გამოცემებში, საქართველოში რეპორტაჟების მოსამზადებლად ჩამოსული ჟურნალისტები გარკვეულ საკითხებზე ხელისუფლების აზრის გასაგებად სწორედ გლუკსმანს ხვდებოდნენ.
რაფაელ გლუკსმანი იყო ის, ვინც ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელს, პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, გიორგი არველაძეს 2010 წლის მარტში შეხვდა და ურჩია, რომ არხი „უფრო პროვოკაციული“ უნდა გამხდარიყო. ამის შემდეგ „იმედზე“ გავიდა „მოდელირებული ქრონიკა“, რომელმაც საქართველოს ახალი ომის დაწყება აუწყა, სინამდვილეში კი გადაცემა მთლიანად მოდელირებული გახლდათ.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ ეკა ზღულაძის როლი საქართველოს თანამედროვეობაში და ეკა ზღულაძის დამოკიდებულება მოქმედი ხელისუფლებისადმი, არაერთხელ გაგვიგია უკვე საფრანგეთის ტერიტორიიდან. ასევე, ცნობილია მისი მეუღლის როლი იგივე საქმეში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდიდან. ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ რაფაელ გლუკსმანის შეკვეთილი სტატია ზეგავლენას ვერ მოახდენს ევროპულ და ამერიკულ სივრცეში იმ ოფიციოზზე, რომელსაც ნორმალური საქმიანი და პარტნიორული ურთიერთობა აქვს საქართველოს ხელისუფლებაზე.
„ეს სტატია შეკვეთილი იქნა, დაიწერა და პიარდება მხოლოდ ამ დამკვეთების მხრიდან და განკუთვნილია „ნაციონალური მოძრაობის“ ვიწრო აუდიტორიაზე. ჩვენთვის სამწუხაროდ, რატომღაც ვმონაწილეობთ ამ სტატიის სარეკლამო კამპანიაში – რატომ? რისთვის? რა დავაშავეთ? – ეს არის ჩემთვის გაუგებარი. ეს არის ფეიკი, ფულით ნაყიდი მოსაზრება, რომელიც ვიწრო ჯგუფს სურს, რომ თავზე მოგვახვიოს, რაც არ გამოუვათ.
საფრანგეთში გააჩერეთ ასი, ან ათასი საფრანგეთის მოქალაქე და იკითხეთ ვინ არის ეს ბატონი, რამდენად მოქმედებს მისი ნათქვამი, თუ დაწერილი საფრანგეთის საზოგადოების განწყობაზე. თქვენ ნახავთ, რომ საერთოდ ნოლის ქვეშ არის მისი და მისი მსგავსების ზემოქმედება ევროპულ, დასავლურ აუდიტორაზე. კიდევ ერთხელ, ჩვენ არ უნდა ვმონაწილეობდეთ ამ ერთიანი მავნებლებისა და კოორპორაციის რეიტინგების ამაღლებასა, და მათი მავნებლობის რეკლამირებაში“, – ამბობს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ოპოზიცია, რომელსაც საქართველოში არ აქვს დასაყრდენი, იბრძვის ბევრი მეთოდით, ვინაიდან უცხოელებთან უფრო ადვილად პოულობენ საერთოს და იქიდან გასროლილი ტყვია უფრო მოქმედებს.
„გასაკვირი ის არის, რომ უკვე რამდენი ხანია ეს საინფორმაციო ომი მიდის. იქითა მხრიდან ნაცნობი, ჩვეული ტიპის ნაბიჯები იდგმება და რით ვერ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“ საპასუხო არტილერიის მომზადება და გამოყენება ამ საინფორმაციო ომში?! ეს არის გაუგებარი და უცნაური. ეს ყველაფერი ხელისუფლების წინააღმდეგ ხომ იმუშავებს ვიღაცასთან?!
რაღაცა აუდიტორია ეგუება ამას და იმიტომ კეთდება. ასევე, თვითონ საქართველოში იყენებენ ამ ფაქტებს, რომ აი, უცხოელებმა ეს თქვესო. ანუ, აი, ეს პათოსი, რომელიც ჩვენთან გავრცელებულია, რომ რასაც უცხოელი ამბობს ჭეშმარიტება არის, ამ მიდგომასაც იყენებენ. მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ უცხოეთშიც გარკვეული წრეებისთვის არის განკუთვნილი ასეთი პუბლიკაცია“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
წყარო: for.ge
ირაკლი კობახიძე გურჯაანის ღვინის ფესტივალზე იმყოფებოდა