Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ანგარიში მოისმინეს

მარშალ პრესი 18/06/2024
448435285_784102080584166_59320146156264686_n

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ერთობლივი გასვლითი სხდომა გამართეს. სხდომაზე ენერგეტიკის დარგში ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ათწლიანი (2014-2024 წლების) შედეგები შეაფასეს და დარჩენილი ვალდებულებების შესრულების გეგმებზე იმსჯელეს.

„ასოცირების შეთანხმებით და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში წევრობით საქართველომ აიღო ვალდებულება განახორციელოს ევროკავშირის ძირითადი ენერგეტიკული კანონმდებლობა. 2023 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნებული ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით შეფასდა საქართველოს პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების კუთხით და აღინიშნა, რომ საქართველომ განავითარა სტაბილური და საიმედო ენერგეტიკული სექტორი”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ანგარიში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, საქართველომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა ამ ვალდებულებების შესასრულებლად. კერძოდ, 2017 წელს საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი გახდა, 2019-2020 წლებში საქართველომ, ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიიღო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან ჰარმონიზებული ენერგეტიკული კანონმდებლობა. საკანონმდებლო კუთხით ენერგეტიკის სფეროში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 80% უკვე შესრულებულია და დარჩენილი სამუშაოს შესრულება მომდევნო ორი წლის განმავლობაში იგეგმება.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორი მნიშვნელოვანი სეგმენტია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ეკონომიკური მდგრადობისთვის.

„ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის 10 წლისთავთან დაკავშირებით მოვისმინეთ იმ ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიში, რომელიც ენერგეტიკის სექტორში აქვს სახელმწიფოს აღებული. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ხელშესახებია პროგრესი, რომელიც გაგვაჩნია, თუმცა კვლავაც არსებობს გამოწვევები, რომელთა დაძლევაც უახლოეს დღის წესრიგშია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება და აღებული ვალდებულებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილიც დაიხურება, რომელიც ამ პერიოდისთვის იყო შესასრულებელი. საერთო ჯამში, ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია ეკონომიკური მდგრადობისთვის, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები და მხარდამჭერი მექანიზმები სახელმწიფოს მხრიდან, რომლებიც ამ სექტორს თან ახლავს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
„საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ენერგეტიკის საკითხის პრიორიტეტულობას ისიც მოწმობს, რომ 2023 წელს დაარსდა მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის და გასული წლის ნოემბერში პირველი შეხვედრაც გაიმართა”, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე ხაზი გაესვა, საქართველოს პოტენციალს მწვანე ენერგიის ტრანზიტის და ექსპორტის კუთხით და იმ პროექტებს, რაც იგეგმება ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაძლიერების კუთხით.

კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ენგურჰესის ტერიტორიაზე გაიმართა.

„სიმბოლურია ენერგეტიკის სფეროში ასოცირების შეთანხმების შესრულების 10 წლის ანგარიშის მოსმენა ენგურის ჰიდროელექტროსადგურზე, რომელსაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული და პოლიტიკური დატვირთვა აქვს და კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლის სტატუსი”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Post navigation

Previous: ბექა ოდიშარია „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ირაკლი ბახტაძესა და მის შემოქმედებით ჯგუფს ბოდიშის მოსახდელად ვადას აძლევს
Next: სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე ,,ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე გადაწყვეტილებები მიიღო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.