მე ვიქნები ძალიან მკაცრი ამ დოკუმენტის ვალდებულებების შესრულების მიმართ, ამ როლში მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი იმ ხალხის წინაშე, ვისგანაც ვიღებ გარკვეულ ნდობას, რადგან ეს დოკუმენტი მოეწონათ და ხედავენ გამოსავალს, შვებას და გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელი გამოსვლისას განაცხადა, რომლითაც „ქართული ქარტიის“ ხელმომწერ პოლიტიკოსებს მიმართა.
ზურაბიშვილის თქმით, ქარტიამ დაიმსახურა საზოგადოებისა და პარტნიორების ნდობა, რადგან ხედავენ, ეს არის ის ნაბიჯები, რომელზეც თვითონ ფიქრობდნენ და მათ მოთხოვნებში ჯდება.
„პროცესი დღეს იწყება და მარტივი არ იქნება, შეფერხებებიც იქნება, უსიამოვნო მომენტებიც, მაგრამ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რაც ჩვენს წინ დგას. პროცესის საწყისი იყო, დაგვენახა, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, რომ ის, რაც დაიწყო სტატუსის მიღებით, არ გაჩერებულიყო. უკვე ნათელი იყო ჩემთვის, რომ, კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად, მმართველი პარტია არ მუშაობდა იმ მიმართულებით, რომ შეესრულებინა ცხრა ნაბიჯიდან ნაწილი მაინც.
როდესაც 7 თებერვალს დავიწყე კონსულტაციები, მაინც მივმართე მმართველ პარტიას, მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩართულიყვნენ ამ პროცესში, მისგან პასუხი არ მიმიღია. შემდეგ მივმართე თავმჯდომარეს, რომელიც დღეს თამაშობს რაღაც შერბილების პოლიტიკას, უცხოელებთან ამ როლში დგება, მისგანაც არ მიმიღია პასუხი. ეს კონსულტაციები ღია იყო ყველასთვის. ამას მოჰყვა მთელი რიგი კანონებისა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ევროპულ გზას. ბოლოს მივედით, სადაც უნდა მივსულიყავით, რუსული კანონის დაბრუნებაზე. ამომრჩეველს ჰქონდა მიღებული პირობა კობახიძისგან, რომ ისინი არ დააბრუნებდნენ ამ კანონს.
ამ რუსული კანონის მიღებამ სხვა მასშტაბში გადაგვიყვანა. ყველამ დაგმო ეს კანონი და თქვეს, რომ ამით ევროპაში ვერ მიგვიღებდნენ. ესეც ვერ გაიგო მმართველმა გუნდმა. პროცესი გადავიდა სხვა განზომილებაში. ჩვენ წინაშე დადგა საკითხი, ან ვაგრძელებთ იმ ევროპულ გზას, რომელზეც ვიდექით, ან ვერ დავაბრუნებთ და მივდივართ სულ სხვა მიმართულებით, რომელიც გვაახლოებს იმ ოკუპანტ ქვეყანასთან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
