ყოველთვის, როდესაც საქართველოს წარმატების წინა ეტაპი დგას, ომისა და ღალატის პარტია ცდილობს, ამ წარმატებას ხელი შეუშალოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის გარეთაც არსებობენ ძალები, რომელთაც არ სურთ, საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წარმატებული იყოს.
„ყოველთვის, როდესაც საქართველო წარმატების წინა ეტაპი დგას, ომისა და ღალატის პარტია და ეს სახელი სამართლიანად დაერქვა მას, ცდილობს, ამ წარმატებას ხელი შეუშალოს. გაგახსენებთ, გავრცელებულ ინფორმაციას მილიონ-ნახევრის გამოყოფის შესახებ, რომელიც მათ ლობისტებისთვის გამოყვეს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეწეროს წარმატება, თუ ევროპული ინტეგრაციის პროცესში ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით და არ მოხდეს ეს ჩვენი მმართველობის პირობებში. მეტი ბოროტება ამ ქვეყნის წინააღმდეგ არ შეიძლება. სამწუხაროა, რომ ესენი არ არიან მხოლოდ ქვეყნის შიდა ძალები, როგორც ჩანს, არსებობენ ქვეყნის გარეთაც ასეთი ძალები. ჩვენ ვისმენთ ხოლმე განცხადებებს, რომელიც წარმოშობს ეჭვს, რომ ქვეყნის გარეთაც არსებობენ ძალები, რომელთაც არ უნდათ საქართველომ მიიღოს დღეს კანდიდატის სტატუსი. ეს არის ძალიან ცუდი“, – განაცხადა მდინარაძე.
მისი თქმით, აშკარაა საქართველოს უპირატესობა იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ასევე ევროკავშირის კანდიდატობის მაძიებლები არიან.
„საქართველო ნამდვილად იმსახურებს უპირატესად და უფრო ადრე, ვიდრე სხვა კანდიდატობის მაძიებელი ქვეყნები, ამას თავადვე აღიარებდა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია. ბოლო სტატია რომ გამოქვეყნდა, იმ ორგანიზაციის კვლევითაც კი, ჩვენ ყველა პარამეტრით წინ ვიყავით უკრაინაზე, მოლდოვაზე. იმდენად ინტეგრირებულია დღეს საქართველო თავისი მოქმედებებით, დემოკრატიული რეფორმებით, ჩვენი ხელისუფლების დროს მიღწეული წარმატებებით, შუა აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო ძალები გვყავს ევროკავშირის შესაბამის სამხედრო სტრუქტურასთან ერთად. არ არის ეს მარტივი, რომ საქართველო ამ სტატუსის მიღმა დარჩეს, მაგრამ ამას ცდილობენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. გვინდა, იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს არ დასჯიან იმისთვის, რომ ის უფრთხილდება თავისი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, თავის ქვეყანას, ეკონომიკას, ათასობით და ათიათასობით ადამიანს დაღუპვისგან რომ იცავს, ამის გამო მე ვერ წარმომიდგენია საქართველო ვიღაცამ დასაჯოს. ამის იმედი უნდა ვიქონიოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
