სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, გ. მ.-ს მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით 2022 წლის 17 მაისს დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო გ.მ.-ს ადვოკატის მიერ სამსახურის ცხელ ხაზზე განხორციელებული შეტყობინება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში, უმოკლეს დროში ჩაატარა. კერძოდ, გამომძიებელმა დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში იმავე ღამეს გამოკითხა, რომელმაც პოლიციის თანამშრომლების მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე ისაუბრა და დაკავების გარემოებები აღწერა. დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულის მოთავსების შემდეგ, სხეულზე ძალადობის შესაძლო კვალის დაფიქსირების მიზნით, გ. მ.-ს მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა, რომლის ფარგლებშიც, იგი ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის მიერ პირადად იქნა შემოწმებული. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112’’-დან გამოთხოვილი იქნა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მე-9 სამმართველოს შენობის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, თუმცა, მათ შორის არ აღმოჩნდა იმ ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომლის დაფარვის არეალშიც მოექცეოდა პოლიციის შენობაში გ.მ.-ს ადმინისტრაციული წესით დაკავების გარემოებები. აღნიშნულის შემდგომ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ამოღებული იქნა მე-9 სამმართველოში განთავსებული ვიდეოჩამწერი მოწყობილობა (DVR), საიდანაც გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეო ჩანაწერის მოხსნა/ფიქსაციის/აღდგენის მიზნით, საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა. გარდა ამისა, დათვალიერდა მე-9 სამმართველოს შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ლოკაციაზე განთავსებული კერძო პირის საკუთრებაში არსებული ვიდეოკამერები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გამოთხოვილი იქნა აღნიშნული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რასთან დაკავშირებითაც, ჩანაწერების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ვიდეო ექსპერტიზა დაინიშნა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მე-9 სამმართველოს 11 თანამშრომელი გამოიკითხა, მათ შორის ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე. გამოკითხული პოლიციის თანამშრომლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოქალაქე გ.მ.-ს მიმართ ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის ძალადობის და სხვაგვარი უკანონო მოპყრობის ფაქტს და მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება პოლიციის თანამშრომლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე მოხდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ობიექტური, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით. სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, განმცხადებლის საქმეში ჩართულობის და გამოძიების მეტი გამჭირვალობის უზრუნველსაყოფად, გ. მ.-ს ინტერესების დამცველ ადვოკატს მისცეს სისხლის სამართლის საქმესთან წვდომის და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა.
ბოლო სიახლე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება
ნიკა მელიამ, Facebook – ში, ერთი ვიდეოს რეკლამაში 8 000 დოლარი...