თბილისის საკრებულოში „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურენოვანი გამოცემის წარდგენა შედგა

970X90

თბილისის საკრებულოში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურენოვანი გამოცემის წარდგენა შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის საკრებულო ავრცელბს.

მათივე ცნობით, 1941 წელს აფხაზურ ენაზე დაბეჭდილი ,,ვეფხისტყაოსნის’’ ფოტოტიპური ვერსია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე გამოსცა.

„აღნიშნული გამოცემის ორიგინალი კი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იშვიათი ბეჭდური გამოცემების ფონდში ინახება.

საღამოს, რომელიც საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე უძღვებოდა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მიმართა.

,,თბილისის საკრებულოსთვის და პირადად ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს, თამარ მეფის ხსენების დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურენოვანი გამოცემის წარდგენას ვმასპინძლობთ. სიმბოლურია ეს ყველაფერი, რადგან სწორედ თამარის მეფობის დროს, საქართველოს ისტორიის „ოქროს ხანაში“ და ქართული რენესანსის ეპოქაში შეიქმნა “ვეფხისტყაოსანი”- მსოფლიო ლიტერატურის შედევრი”,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ქართულ-აფხაზური ურთიერთობის განმტკიცების მიზნით, აღნიშნული გამოცემის მნიშვნელობაზე დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გახარიამ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა: ბექა ოდიშარიამ და ირაკლი ქადაგიშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო წერეთელმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს.

როგორც კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, დღევანდელ დღეს, საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, აფხაზურენოვანი “ვეფხისტყაოსნის” წარდგენა ქართულ-აფხაზური ურთიერთობის კიდევ ერთი საუკეთესო გამოხატულებაა.

„ვეფხისტყაოსანი”, როგორც მსოფლიო ხელოვნების საგანძური, მრავალ ენაზეა თარგმნილი. რამდენიმე დღის წინ მექსიკის ქალაქ გვადალაჰარაში ხალისკოს უნივერსიტეტში, “წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში დავესწარი ესპანურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაციას, რომელიც მოამზადა ქართულ-ესპანურმა ჯგუფმა. დღევანდელ დღეს, საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, წარდგენაა აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“, რაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საუკეთესო გამოხატულებაა. აქვე მინდა პირველი აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელის, დიმიტრი გულიას სიტყვები გავიხსენო, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს ანდერძად დაგვიტოვა: „აფხაზი, რომელიც სახლს აიშენებს და ქართველის ეზოსკენ არ გაჭრის ფანჯარას, ის აფხაზი არაა“.- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, რუსთაველის უკვდავი ქმნილების თარგმანი ცნობილ აფხაზ მწერალს დიმიტრი გულიას ეკუთვნის, ხოლო წიგნის რედაქტორი კი გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი სიმონ ჯანაშიაა.

წიგნი 2021 წელს, 1941 წელს გამოცემული აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ 80 წლის თავზე დაიბეჭდა. პრეზენტაციას ორგანიზატორებთან ერთად საკრებულოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

970X90
გაზიარება