მეუფე შიო: ღვთისთვის ყველაზე სათნო ადამიანის ქრისტესადმი სიყვარულია – ეს არის უმთავრესი, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია

970X90

ღვთისთვის ყველაზე სათნო ეს არის ადამიანის სიყვარული მისდამი, ქრისტესადმი. ეს არის უმთავრესი. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია და აი, ასეთი სიყვარული გამოავლინეს მენელსაცხებლე დედებმა, სიყვარული, რომელიც აღემატა მოციქულთა სიყვარულსაც კი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.

მან მრევლს მენელსაცხებლე დედების ხსენების დღე, ასევე ჯვართაღმართების დღესასწაული მიულოცა. მეუფემ მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მოლოცვა და დალოცვა გადასცა და დღევანდელი დღის შესახებ ვრცლად იქადაგა.

„მენელსაცხებლე დედები, რომელთაც უფალი არაფერს სთხოვდა, არაფერი უთქვამს მათთვის, ბოლომდე დარჩნენ მასთან და არ შეეშინდათ. არ შეეშინდათ არც მაშინ, როდესაც ჯვარცმიდან მესამე დღეს, ებრაელთა ჩვეულებისამებრ, უნდა მისულიყვნენ და მიეტანათ სურნელოვანი ნელსაცხებელი და ეცხოთ მისი წმინდა სხეულისთვის. იქ მისვლა არ შეეშინდათ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მისი თქმით, მათი სიყვარულისთვის, მათი ერთგულებისთვის, უფალმა მენელსაცხებლე დედებს პირველებს აუწყა მაცხოვრის აღდგომა მკვდრეთით და პირველი ,,გიხაროდენი“ სწორედ მათ ახარა.

„რაზე გვაფიქრებს ეს, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ჩვენ? – რომ ამით უფალი გვაჩვენებს, რა არის მისთვის ყველაზე სათნო ადამიანში, რატომაც მოხდა, რომ პირველებმა ამ დედებმა შეიტყვეს ეს და შემდეგ მთელ სამყაროს და მოციქულებსაც პირველებმა მათ აცნობეს.

ე.ი. ამით უფალი გვიჩვენებს, თუ რა არის ყველაზე ძვირფასი, სასიხარულო და სათნო მისთვის ადამიანში. ეს არის არა გონება, უპირველეს ყოვლისა, არა ადამიანის გარეგნული სილამაზე, არც სიმდიდრე, არც სამეცნიერო ცოდნა თუ სახელოვნებო ოსტატობა და ა.შ., არამედ, პირველ რიგში, ღვთისთვის ყველაზე სათნო ეს არის ადამიანის სიყვარული მისდამი, ქრისტესადმი. ეს არის უმთავრესი. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია და აი, ასეთი სიყვარული გამოავლინეს მენელსაცხებლე დედებმა, სიყვარული, რომელიც აღემატა მოციქულთა სიყვარულსაც კი, რომლებიც სულ მუდამჟამს მაცხოვრის გვერდით იყვნენ და ყველაფერს ისმენდნენ, ყოველ სიტყვას მაცხოვრისას. აი, მათზე აღმატებული აღმოჩნდა მენელსაცხებლე დედების სიყვარული და სწორედ ამიტომ მათაც მოციქულებს, მამაკაცებს და შემდეგ მთელ სამყაროს პირველებმა, ვიმეორებ, დედებმა ახარეს და აუწყეს.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც თუ გვსურს, ვიყოთ ქრისტიანები, უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი სიყვარული მოვიპოვოთ და ვიქონიოთ.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა მოგვცეს ძალა ასეთი სიყვარულისა.

როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს დამოკიდებულებაზე უფალ იესო ქრისტესადმი, ეკლესიისადმი, სამშობლოსადმი, ჩვენი მოყვასისადმი, პირველ რიგში, უნდა დავფიქრდეთ არა ჩვენს მსოფლმხედველობაზე და მართებულ, ასე ვთქვათ, შეხედულებაზე, რომელმაც ვერ დაიცვა მოციქულები შიშისა და მუქარისგან, არამედ ვიფიქროთ, ჩვენს სიყვარულზე, გვაქვს თუ არა ასეთი სიყვარული.

აი, ეს კითხვა უნდა დავსვათ და თუ ჩვენ გვაქვს ასეთი გული, ასეთი ერთგული, ასეთი მოსიყვარულე, როგორიც ჰქონდათ მენელსაცხებლე დედებს, როგორიც ჰქონდათ იოსებ არიმათიელს და საიდუმლო მოწაფე ნიკოდიმოსს, რომელთა ხსენებაც ასევე დღეს არის, ასევე იოანეს, ახალგაზრდა მოციქულს. აი, თუ გვაქვს ასეთი გული ჩვენ, მაშინ ჩვენ დავძლევთ და გავუძლებთ მუქარასაც, შიშსაც, სიკვდილსაც და ვუერთგულებთ ღმერთს, ეკლესიას, ჩვენს სამშობლოს და ყველას“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, დღეს ასევე არის ჯვართაღმართების დღესასწაული, რომელიც წმინდა მოციქულთასწორმა ქალწულმა ნინომ, მეფე მირიანმა და ეპისკოპოსმა იოანემ დააარსეს.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. თქვენ იცით, მას შემდეგ, ჟამთა ვითარების გამო, ეს დღესასწაული მივიწყებული იყო და კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღადგინა ეს შესანიშნავი დღესასწაული. ყოველ წელს, ამ დღეს იკურთხება სამი ჯვარი და სხვადასხვა ეპარქიაში, სხვადასხვა ტაძარში მიბრძანდება მფარველად ჩვენი ერისა.

უფალმა ინებოს, რომ ყოველი კერპი ამ ახალი ჟამისა დაემხოს და დაეცეს ამ ჯვრის მადლით, და ამ ჯვრის ძალითა და მფარველობით გადარჩეს, გამთლიანდეს, და გაძლიერდეს ჩვენი ქვეყანა, ამინ!“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

970X90
გაზიარება