IMG.GE IMG.GE

ჩვენი პასუხისმგებლობა იყო, რომ არ ჩაგვეგდო ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ და  გამომდინარე აქედან ვთქვით აქციაზე უარი, – ამის შესახებ განაცხადა „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ, რომელმაც „ევროპული საქართველოს“ დაანონსებული აქციის გაუქმებასა და ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩატარებულ აქციაზე ისაუბრა.

კაპანაძის თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ აქციის გაუქმების გადაწყვეტილება თბილისში გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო მიიღო. კაპანაძის თქმით, ეს იყო პარტიის პასუხისმგებლობა, რომ არ ჩაეგდო ადამიანების სიცოცხლე რისკის ქვეშ.

კაპანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ მნიშვნელოვანი არჩევნების წინ, წინასაარჩევნო აქტივობების გაჩერება არასწორია, თუმცა როგორც კაპანაძემ აღნიშნა, განსხვავება ნათელია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დამოკიდებულებებს შორის.

„ჩვენ გვქონდა მრავალათასიანი აქცია დაანონდებული და უარი ვთქვით ამ აქციის ჩატარებაზე, გამომდინარე იქიდან, როგორ სწრაფად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში და თბილისში და არ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ ჩაგდება და მიგვაჩნია, რომ ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა და გამომდინარე აქიდან ვთქვით აქციაზე უარი.

ამავდროულად, უნდა ვთქვა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არჩევნები იმდენად მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომ წინასაარჩევნო აქტივობების გაჩერება არის არასწორი, რადგან მოსახლეობას აქვს ახლა არჩევანი, ან ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ და წავიდეთ წინ, ან ამ ჭაობში დავრჩეთ კიდევ დიდი ხანი და ეს ჭაობი ნიშნავს ასევე კოვიდსაც და მასთან ვერ გამკლავებასაც.

ამიტომ, მე მესმის ყველა პოლიტიკური ძალის, რომლებიც საარჩევნო აქტივობებს აკეთებენ, მაგრამ ჩვენ მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ ადამიანების სიცოცხლე დაგვეყენებინა მაღლა, ოღონდ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ საარჩევნო აქტივობებს და ჩვენ კიდევ გვექნება მრავალი საინტერესო ღონისძიება არჩევნების დღემდე. ამიტომ, კონკრეტული პოლიტიკური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის შეფასებისგან, იქედან გამომდინარე, რაც ვთქვი, უფრო მეტი შეფასებისაგან თავს შევიკავებ, მაგრამ მგონი, მეტყველია განსხვავება ჩვენს დამოკიდებულებასა და მათ დამოკიდებულებას შორის“, – განაცხადა კაპანაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE