კანდიდატის სტატუსი არის ერთი ეტაპის წარმატებით დასრულების და ახალი ეტაპის დასაწყისი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მინისტრმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას, რა შესაძლებლობებს აძლევს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი და რა მიზნები, თუ გამოწვევები გაჩნდა მთავრობის ეკონომიკური გუნდისთვის კანდიდატის სტატუსთან ერთად.
„კანდიდატის სტატუსის მიღება პირველ რიგში, არის ქვეყნის გამარჯვება. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ საქართველო არის ერთგული რეფორმების, თავისი ევროატლანტიკური არჩევანის მიმართ და საბოლოოდ, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რომელიც არის ერთი ეტაპის წარმატებით დასრულების და ახალი ეტაპის დასაწყისი. ეს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანია, რომ ჩვენ გვინდა ევროპის ოჯახში, თუმცა, გარდა სიკეთეებისა, ამას თან ახლავს ბევრი გამოწვევა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანა, ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის, რადგან კანდიდატი ქვეყნები გადადიან ევროპასთან თანამშრომლობის ახალ რეჟიმში.
„ახლა იწყება ევროკავშირის მიერ ე.წ გაწევრიანების წინა ინსტრუმენტის მესამე ფაზა, რომელიც არის არსებული კანდიდატი ქვეყნებისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების პაკეტი, რომ ამ ქვეყნებმა შეძლონ რეფორმების წარმატებით დასრულება და ქვეყნის განვითარება იმ დონეზე, რომ ისინი ევროკავშირის ქვეყნებს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ და მოემზადონ საბოლოო სრულყოფილი წევრობისთვის. ეს არის წვდომა მნიშვნელოვან ფონდებზე, სხვადასხვა მიმართულებით და ეს არის შესაძლებლობები ქვეყნებისთვის, თუმცა დიდწილად, დამოკიდებულია ქვეყნების მომზადებაზე, რამდენად მოახერხებენ ისინი ამ ფონდებზე წვდომას საინტერესო პროექტებით. ბევრი მიმართულებით არის საჭირო რეფორმების გატარება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
