“ჩვენ ვართ ინტელექტუალებისა და მებრძოლების პარტია”- ამბობს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც 18 დეკემბერს, ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე წაიკითხეს.
“ჩვენ ვართ ინტელექტუალებისა და მებრძოლების პარტია. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი აღმავლობა თბილისის საკრებულოს არჩევნების მოგებით დაიწყო.
პირველი სოციალური წარმატებები, პირველი ინფრასტრუქტურული მიღწევები თბილისში გვქონდა, პირველად დავანახეთ საზოგადოებას, თუ რა არის ხელისუფლება ხალხისთვის და არა საკუთარი ჯიბისთვის.
ასევე გვქონდა სიმბოლური ნაბიჯები – გმირთა მოედანზე აღვმართეთ კედელი ომებში დაღუპული ყველა ჯარისკაცის სახელით. ასევე 9 აპრილის პირველი მონუმენტი. ხუთჯვრიანი და ევროპის დროშები პირველად თბილისის საკრებულომ გამოაცხადა თავის ოფიციალურ დროშებად. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ასეთი ხალხი ხართ წარმოდგენილი დარბაზში – ჩვენი ეროვნული სიამაყეები!
თბილისის საკრებულოში ჩვენ ვმოქმედებდით როგორც ყველა ოპოზიციური ძალის კოალიცია. მაშინდელი და დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ქვეყანა უიმედობის ჩიხშია შესული. ძირითადი განსხვავება იმაშია, რომ ახლა ბევრად მეტს იპარავენ (იმიტომ, რომ ბევრად დიდი ბიუჯეტია) და ბევრად გაზრდილია რეპრესიული აპარატი.
რა თქმა უნდა, ოლიგარქიული რუსული რეჟიმი, როგორც გვპირდებოდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაშლას, ზუსტად იმ სცენარით შეეცადა, როგორც უკრაინაში იანუკოვიჩის რუსული რეჟიმი შლიდა მისი მთავარი ოპონენტის იულია ტიმოშენკოს პარტიას. თვითონ იულია ჩასვა ციხეში, ხოლო მისი პარტიის ლიდერებს შორის სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის, ოლიგარქიულ-ფინანსური საშუალებების გამოყენებით ჩამოაგდო უთანხმოება.
ჩვენთან მას ეს არ გამოუვიდა. დროებით დაგვაზარალა, მაგრამ საკმარისი დრო გვაქვს შეკრული გუნდით და კარგად განსაზღვრული მიზნებით გამარჯვების მოსაპოვებლად.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელად თქვენ ირჩევთ გენერალ ზაზა გოგავას – უკიდურესად ღირსეულ ადამიანსა და კარგ ორგანიზატორს.
მე საქართველოში ჩამომიყვანა ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულმა და მისი გადარჩენის სურვილმა.
რისგანაა გადასარჩენი საქართველო?
რუსიფიკაციისგან, სიღარიბისგან, უსამართლობისგან, მოსახლეობის დაცლისგან, მიგრანტების შემოსევისგან, განათლების სტანდარტების დაცემისგან, კორუფციისგან.
დღეს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას.
მე ღრმად მწამს, რომ ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი მომავალი, ისეთი რომელშიც ყველა მაცხოვრებელს ექნება ღირსეული შემოსავალი, რომელიც საშუალებას მისცემს ევროპაში ტურისტებად იარონ და არა შინამოსამსახურეებად და ტაქსისტებად.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ჩვენ გავხდებით ერთი გადასახადის ქვეყანა, სწრაფი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე ჩვენ შემოვიღებთ განვითარების სამ ფონდს, თითოეული მათგანისთვის კი ერთი მილიარდი ლარი გამოიყოფა.
პირველი ფონდი მოხმარდება ახალგაზრდების სტრატაპების დაფინანსებას, მაგრამ ჩვენ ახლა კი არ უნდა ვწუწუნებდეთ – ჩვენმა ოპონენტმა ასე ქნა, თუ ისე ჩაიდინა, არამედ უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენ რა უნდა ვქნათ. როგორც უნდა გადავლახოთ დაბრკოლებები და ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების განათლებას უცხოეთში, უკან დაბრუნების აუცილებელი პირობით.
მეორე ფონდი მოხმარდება ემიგრანტების დაბრუნების წახალისებას, მათ მიერ საკუთარ ქვეყანაში ბიზნესების დაწყებას.
მესამე ფონდი მოხმარდება 55 წელზე უფროსი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების სტიმულირებას. ვინაიდან ამ ასაკში განსაკუთრებით ჭირს ახალი საქმის დაწყება და ჩვენ უნდა მოვახერხოთ, როგორც თვითონ ადამიანების, ასევე დამსაქმებლების წახალისება.
ჩვენ გვჭირდება ჯანდაცვის რეფორმის ბოლომდე მიყვანა, რაც გამოიხატება ხელფასების რამდენჯერმე ზრდაში. ძირითადი სამედიცინო პერსონალის უცხოეთში სტაჟირებაში და საქართველოს რეგიონში სამედიცინო ტურიზმის მთავარ სახელმწიფოდ გარდაქმნაში.
სამართლიანობის დასამკვიდრებლად ჩვენ გვჭირდება ინგლისური სამართლის შემოღება და მოსამართლეთა კორპუსის მთლიანად გამოცვლა.
ასევე მოგვიწევს სიპებში და აიპებში პოლიტიკური, ნეპოტისტური ნიშნით დასაქმებული ადამიანების განთავისუფლება. რაც უამრავ ფულს გამოათავისუფლებს რეფორმებისთვის. რეფორმების შემდგომ ეტაპზე ჩვენ უნდა გავაუქმოთ ეროვნული ბანკი და ეკონომიკა ევროზე გადავიყვანოთ.
რაც მთავარია, საქართველო უნდა იქცეს ბევრად უფრო ემპათიურ ქვეყნად, საყოველთაო სოლიდარობით ხელისუფლების ყველა დონესა და მოქალაქეებს შორის. სიძულვილის, ცინიზმის და უსამართლობის პერიოდი წარსულს უნდა ჩაბარდეს. ჩვენ აღარასდროს უნდა დავუშვათ, რომ რომელიმე მდიდარმა ადამიანმა, ან ადამიანთა ჯგუფმა მოინდომოს საქართველოს თავის პირად საკუთრებად და ყველა სხვა ადამიანის თამაშგარე მდგომარეობაში გამოცხადება.
და მთავარი – 2024 წლის არჩევნები ყველაზე დიდი მნიშვნელობის არჩევნებია 1990 წლის შემდეგ. ოლიგარქი ცდილობს, რომ ჩვენ გვიბიძგოს პასიურობისკენ, რომ მაინც არაფერი არ გამოვა.ჩვენ უნდა მივიდეთ უფრო მეტი ვიდრე როდესმე საარჩევნო უბნებში, მოვითხოვოთ უცხოეთში საარჩევნო უბნების შექმნა და ვიბრძოლოთ არა საპატიო მეორე ადგილისთვის, არამედ გამარჯვებისთვის, მხოლოდ გამარჯვებისთვის და ამგვარად ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ოცნებას და გავამარჯვებინებთ საქართველოს.
ჩვენ, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” წავიყვანეთ საქართველო ევროპისკენ და ახლა ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს გზა წარმატებით დაგვირგვინდეს და რაც მთავარია, ევროკავშირისგან თითოეულმა ქართველმა მაქსიმალურად იხეიროს.
მანამდე ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს განსაკუთრებული მისია აქვს მსოფლიოში, მე და თქვენ განსაკუთრებული მისია გვაკისრია საქართველოში და ამგვარად, არც დაღლის
და არც ხელის ჩამოშვების დრო არ გვაქვს.
ბატონო გენერალო, მე ის ჯარისკაცი ვარ, რომელიც ივლის იმდენს რამდენიც შეუძლია და შემდეგ დამატებით იმდენს რამდენიც საჭიროა. იმედია თქვენც ბოლომდე წამომყვებით ამ გზაზე, წერს მიხეილ სააკაშვილი.
