შალვა პაპუაშვილი: თქვენ იცავთ წინაპრების თავგანწირვით მოპოვებულ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. თქვენ ხართ ის ბურჯი, რაზეც დგას ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების მშვიდობიანი მომავალი

IMG.GE

საქართველოს თავდაცვის ძალები თავსებადია ნატოს სტანდარტებთან და ამ კუთხით ნატოსთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. ქართული ჯარის 31 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საზეიმო ღონისძიება იმართება.

„ქართველ სამხედროებს საერთაშორისო პარტნიორების მხარდამხარ, მსოფლისო სხვადასხვა წერტილში წარმატებით შეაქვთ წვლილი გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. რაც მთავარია, თქვენ იცავთ წინაპრების თავგანწირვით მოპოვებულ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. თქვენ ხართ ის ბურჯი, რაზეც დგას ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების მშვიდობიანი მომავალი. საამაყოა, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ თავდაცვის ძალების რთული დავალებების შესრულება, შესაბამისად აღჭურვილი, მომზადებული და ბრძოლისუნარიანია.

საქართველოს თავდაცვის ძალები თავსებადია ნატოს სტანდარტებთან და ამ კუთხით ნატოსთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. საქმით, ქვეყნისა და ხალხისადმი ერთგულებით, თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ ხართ ჩვენი საზოგადოების ღირსეული წევრები. საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე რთულ დროსაც კი თქვენ იდექით იქ, სადაც უნდა მდგარიყო ნამდვილი პატრიოტი და ქვეყანაზე გულანთებული ადამიანი – სამშობლოს, ოჯახის, თითოეული თანამემამულის სიცოცხლის, თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლის, იმედების სადარაჯოზე. ამიტომაცაა, რომ საქართველოს ჯარი ჩვენი მოქალაქეების განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს უკიდურესად რთულ და დაძაბულ უსაფრთხოების გარემოში უწევს განვითარება.

„რუსეთის აგრესია უკრაინაში და ჩვენს რეგიონში არსებული არასტაბილურობა რეალურ და არსებით საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის, მთელი ევროპისა და საერთაშორისო წესრიგისთვის. შემაშფოთებელია ასევე ჩვენი ქვეყნის ორ ისტორიულ რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობა და რუსეთის მიმდინარე ოკუპაცია. აგრეთვე ჰიბრიდული თავდასხმები და სხვა გამოწვევები. ეს განამტკიცებს ჩვენს რწმენას ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობის შესახებ. საქართველოს პარლამენტის სახელით კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერასა და თანადგომას.

საქართველოს თავდაცვის ძალების დღის აღნიშვნასთან ერთად, პატივს მივაგებთ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას. მათი ღვაწლი და დამსახურება საქართველოს წინაშე ფასდაუდებელია. მათი სახელი, გმირობა კი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ერის მეხსიერებაში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს და მადლობას გიხდით ღირსეული და სამაგალითო სამსახურისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

IMG.GE
გაზიარება