ირაკლი ღარიბაშვილი: არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა არ შექმნეს ბრძოლის, შემართების, გმირობის, პროფესიონალიზმის საამაყო მაგალითები

970X90

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა არ შექმნეს ბრძოლის, შემართების, გმირობის, პროფესიონალიზმის საამაყო მაგალითები. ამის შესახებ მან თავდაცვის ძალების 31 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს. განსაკუთრებულად მინდა ეს დღე მივულოცო თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს – ჩვენს საამაყო ჯარს, ოფიცრებს, სერჟანტებს, რიგით სამხედროებს, რომლებიც ასრულებენ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს: იცავენ ჩვენს ქვეყანას და მის თავისუფლებას. დიდი პატივი და პატრიოტიზმია, ერთგულად ემსახურო შენს ქვეყანას, იყო მისი ერთ-ერთი მთავარი საყრდენის, ქართული ჯარის ნაწილი. ასევე დიდი სიამაყის განცდაა, შენი წვლილი შეიტანო მის განვითარებასა და გაძლიერებაში. მინდა ყველა სამხედროს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სამსახურისთვის. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს დაუმარცხებელ დაჭრილ სამხედროებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ვაჟკაცურად იცავდნენ ყველა ფრონტზე, მათ შორის იცავდნენ მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობას. თავდაცვის ძალების დღეს მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ჩვენი ვეტერანების მიმართ, რომლებიც ურთულესი გამოწვევების პირობებში ერთგულად ემსახურნენ ჩვენს ქვეყანას და პირნათლად მოიხადეს თავიანთი ვალი ქვეყნის წინაშე. მინდა ასევე გითხრათ, რომ არ არსებობს თავდაცვის ძალების არცერთი მიმართულება, სადაც ჩვენმა სამხედროებმა და ვეტერანებმა არ შექმნეს ბრძოლის, შემართების, გმირობის, პროფესიონალიზმის საამაყო მაგალითები. ძალიან დიდია მათი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე. ასევე ძალიან მიხარია, რომ მათ კვალდაკვალ ჩვენ გვყავს ახალგაზრდა სამხედროები, რომლებიც მაღალი დონის სამხედრო განათლებით, დიდი მოტივაციითა და შემართებით, გამოცდილი მებრძოლების გვერდით იმაღლებენ თავიანთ პროფესიონალიზმს და განასახიერებენ ჩვენს მომავალს. თავდაცვის ძალების დღეს უნდა გავიხსენოთ ჩვენი დაღუპული გმირი მეომრები. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ისინი ყოველთვის დარჩებიან ჩვენი ჯარისა და საზოგადოების მეხსიერებაში, როგორც პატრიოტიზმისა და თავდადების მაგალითი. ჩვენი ისტორია და დღევანდელობა, რომელიც გამოწვევებით იყო და არის აღსავსე, ჩვენგან მოითხოვს, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელოთ ჩვენი ჯარის გაძლიერება და ტრანსფორმაციის პროცესი. დასახული გრძელვადიანი გეგმის მიხედვით ჩვენ შევძლებთ ჯარის კიდევ უფრო გაძლიერებას, მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და მნიშვნელოვნად გაზრდას. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს, აშშ-ს, ნატოს წევრ ქვეყნებს – ყველას, ვინც მხარს უჭერს და ეხმარება ჩვენი ჯარის გაძლიერებას. დღეს თავდაცვის ძალები, ეკლესიასთან ერთად, ნდობის კუთხით არის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი საქართველოში და ეს თქვენი, თითოეული სამხედროს დამსახურებაა. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ერთგული სამსახურისთვის. გისურვებთ წარმატებას და გამარჯვებას ყველგან, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – აცხადებს მთავრობის მეთაური.

970X90
გაზიარება