IMG.GE IMG.GE

„საკმაოდ დიდი მოცულობის ვალს ვიღებთ წელს. ეს ვალი ავიღეთ იმისთვის, რომ ბიუჯეტი უფრო რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისთვის და ეკონომიკური კრიზისისთვის მზად იყოს“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებული შეფასებებით, მთავრობის ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობა 60%-იან ნიშნულს არ გასცდება.

„მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში დაახლოებით 56%-მდე ადის. ეს არის მაღალი მაჩვენებელი. ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიასთან ერთად ვალის მდგრადობის ანალიზი წარმოვადგინეთ. ყველა შოკი გაანალიზებულია და ვალი ყველა შოკის პირობებში მშპ-სთან მიმართებით 60%-იან ზღვარს არ სცდება, თუმცა ასევე ვითვალისწინებთ ხოლმე ვალუტის გაუფასურების შოკს. ესაა ის მთავარი რისკი, რა შემთხვევაშიც შეიძლება ვალი 60%-იან ნიშნულს გადასცდეს. რაც შეეხება მომდევნო წლების ვალის შემცირების დინამიკას, ჩვენ ეს ვალი ავიღეთ იმისთვის, რომ ბიუჯეტი უფრო რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისთვის და ეკონომიკური კრიზისისთვის მზად იყოს. იმედი გვაქვს წელს ამ თანხების სრულად ათვისების საჭიროება არ იქნება და მომდევნო წლიდან მნიშვნელოვნად შევამცირებთ ვალის აღებას. ამასთან, 2021 წელს 500 მილიონი დოლარის ევრობონდებია გასასტუმრებელი და ამ რესურსს ათ შორის ამ თანხების გადასაფარად გამოვიყენებთ,“ -აღნიშნა კაკაურიძემ.

ცნობისთვის, 2020 წელს საქართველოს მთავრობა 6.1 მილიარდი ლარის ოდენობის საგარეო ვალს იღებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება