საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი სენატორ ტომ კოტონს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ელჩმა სენატორს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების, ევროკავშირში ინტეგრაციისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე და ხაზი გაუსვა აშშ-ის განსაკუთრებულ როლს სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ და ხაზი გაუსვეს სამაგალითო ორმხრივ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები და ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის მხრივ პროგრესის მიღწევის შესაძლებლობები. ასევე, აღინიშნა აშშ-ის ჩართულობის მნიშვნელობა იმ გეოპოლიტიკურ დამაკავშირებელ პროექტებში რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს დაახლოებას ევროპასთან და დასავლურ სამყაროსთან.
ელჩმა მადლობა გადაუხადა სენატორს აშშ-ის სენატის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.
