სამონადირეო ლიცენზია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე

სამონადირეო ლიცენზია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე
✅ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 იანვრის N134 განკარგულების საფუძველზე, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – www.eauction.ge-ს მეშვეობით 2022 წლის 11 მარტს გამართულ აუქციონში გამარჯვებულად დაფიქსირდა შპს “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” (ს/კ 405352363).
✅ სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2022 წლის 10 თებერვლის N 17/ს ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოცხადდა საჯარო აუქციონი მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
✅ აუქციონზე რეგისტრაციის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, სააგენტოს მიერ პრესაში (საქართველოს რესპუბლიკა) გამოქვეყნებული იქნა საჯარო განცხადება, რომელიც სრულად შეიცავდა ინფორმაციას აუქციონის გამოცხადებისა და სალიცენზიო პირობების შესახებ.
✅აღნიშნულ აუქციონზე მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, შესაბამისად ლიცენზიის გაცემა განხორციელდა გამარჯვებულ პრეტენდენტზე. აუქციონში გამარჯვებულმა სრულად გადაიხადა აუქციონზე დაფიქსირებული თანხა და მიმდინარე წლის 23 მარტს მასზე გაიცა სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია.
✅ აუქციონის პირობების თანახმად, სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის/ფუნქციონირებისთვის სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მიღებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში, უნდა განხორციელდეს არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარის ინვესტიცია. ინვესტიციის განხორციელება და სალიცენზიო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება დადასტურებული უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ გაცემული დასკვნით.
✅ გარდა ამისა, სამონადირეო მეურნეობაში დასაქმებული პერსონალის 80% უნდა წარმოადგენდეს იმ მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსახლეობას.
✅ ლიცენზიანტს ევალება სათავგადასავლო და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე განათავსოს შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა.
✅ სამონადირეო მეურნეობის შექმნის მიზნით სალიცენზიო პირობების ჩამოყალიბებაში სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტთან ერთად აქტიურად იყო ჩართული ეროვნული სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიის სააგენტო, ველური ბუნების ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.
✅ სალიცენზიო პირობების მიხედვით, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს ლიცენზიის არსებულ ფართობზე დაცული ტერიტორიების შექმნას. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო განახორციელებს დაცული ტერიტორიის შექმნას, სახელმწიფოს უფლება აქვს მოითხოვოს სამონადირეო მეურნეობის საზღვრების კორექტირება.
✅ სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე ნადირობა ნებადართული იქნება მხოლოდ კონკრეტულ და არა ყველა სახეობებზე, სახელმწიფოს მიერ დადგენილი კვოტების ფარგლებში. შესაბამისი ჰაბიტატებისა და სახეობების დაცვა იქნება ლიცენზიანტის ვალდებულება, რომელიც დამატებით აისახება მეურნეობის მართვის გეგმაში და ამ საკითხს სამინისტროს მხრიდან მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება.
✅ სამონადირეო მეურნეობის სალიცენზიო პირობებით არ იზღუდება მოსახლეობის საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლება: იმყოფებოდეს და თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, პირადი მოხმარების მიზნით, შეაგროვოს ტყის არამერქნული რესურსები და ხის მეორეხარისხოვანი მასალები. ტყის ბუნებრივი თვისებები გამოიყენოს დასვენების, ტურიზმისა და ესთეტიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მიზნით. სალიცენზიო პირობებით, არ იზღუდება ადგილობრივ მაცხოვრებელთა უფლება სათბობი შეშით უზრუნველყოფაზე.
✅ აღნიშნული ვალდებულებების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც რეგიონულ განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე ტურიზმის განვითარებას და ადგილზე მცხოვრებ პირთა შემოსავლების ზრდას.
✅ 2003 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით, გაცემულია 16 სამონადირეო ლიცენზია:
კახეთი – 7 (საერთო ფართობი 8169 ჰა.)
შიდა ქართლი -1 (საერთო ფართობი 10 181 ჰა.)
ქვემო ქართლი – 2 (საერთო ფართობი 14662,4 ჰა.)
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი – 2 (საერთო ფართობი 108201 ჰა.)
მცხეთა-მთიანეთი – 2 (საერთო ფართობი 4018 ჰა.)
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 (საერთო ფართობი 2292 ჰა.)
იმერეთი – 1 (საერთო ფართობი 7897,33 ჰა.)
✅ სამონადირეო ლიცენზია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე (ფართობი – 104 712 ჰა)
970X90
გაზიარება