„იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლების მსგავსად ამერიკაშიც მთავრობის ძირითადი ძალისხმევა ფოკუსირებული იქნება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფაზე, ვიმედოვნებ, რომ ამ დროებით ჩავარდნას ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო წარმატებით გაუმკლავდება“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები 17.3%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში სიღარიბის დონე 12,1%-დან გაიზარდა 16,6%-მდე, ასევე ღარიბი ბავშვების რაოდენობაც 3,3 მილიონით გაიზარდა. ამ ჩავარდნებს კი ამერიკა იმ შემთხვევაში გამოასწორებს, თუ, საქართველოს ხელისუფლების მსგავსად, ხალხისა და ქვეყნის წინსვლაზე იქნებიან ორიენტირებულნი.
„კლასიკური დასაწყისით დავიწყებ: თქვენთვის ორი ახალი ამბავი მაქვს: კარგი და ცუდი. რომლით დავიწყო? მოდით, კარგით: ბოლო ორ წელიწადში საქართველოში სიღარიბისა და შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებლების კუთხით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფიქსირდება. გასულ წელს შემცირდა სიღარიბის დონე და თავის ისტორიულ მინიმუმს – 15.6%-ს მიაღწია. აღნიშნული მონაცემების წყარო „საქართველოს სტატისტიკის სამსახურია“.
მისივე ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრების) 17.3%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. დიახ, ცუდი ამბავიც დამრჩა მოსაყოლი. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს მიერ 2023 წლის მარტის ოფიციალურო ანგარიშით, ანალოგიურ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში სიღარიბის დონე 12,1%-დან (2021 წლის დეკემბერში) გაიზარდა 16,6%-მდე (2022 წლის მაისში). აშშ-ში ღარიბი ბავშვების რაოდენობის საერთო რიცხვი 3,3 მილიონით გაიზარდა, ხოლო 2018 წლიდან დღემდე ბავშვთა შრომის სფეროში დარღვევები თითქმის 70%-ით გაიზარდა. 2022 ფისკალურ წელს სხვადასხვა სახიფათო სამუშაოზე არასრულწლოვანთა გამოყენების ფაქტები კი გაიზარდა 26%-ით. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლების მსგავსად ამერიკაშიც მთავრობის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იქნება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფისკენ, ვიმედოვნებ, რომ ამ დროებით ჩავარდნას ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო წარმატებით გაუმკლავდება,“ – წერს დავით ქართველიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის...