დიდუბის რაიონში საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება დაზიანებულ ლიფტებს, საცხოვრებელი სახლების სახურავებს, ასევე, მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები, მონტაჟდება წყალარინებისა და წყლის სისტემები. ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია, ჯამში, ცხრა მისამართზე მიმდინარეობს, წყალარინებისა და წყლის სისტემების მოწყობა ბელიაშვილის მეორე ჩიხის N3-სა და მიქელაძის ქუჩის N3-ში ხორციელდება, დაზიანებული სახურავების აღდგენის სამუშაოები კი დიღმის მასივის მეხუთე კვარტლის მე-14 კორპუსში, წერეთლის გამზირის N55-სა და N95-ში, ასევე მიქელაძის ქუჩის N3-ში მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 162 156 ლარია გამოყოფილი. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, გიორგი ვოლსკისთან და გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
