ირაკლი ღარიბაშვილი: მიწის სისტემური რეგისტრაცია არის სრულიად უფასო, მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება და შედეგად გვექნება ქვეყნის ზუსტი, კადასტრული რუკა

970X90

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მიწის სისტემური რეგისტრაცია არის სრულიად უფასო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიწის სისტემურ რეგისტრაციას განახორციელებს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საშუალებით.

„ეს პროექტი, ჩვენი გადაწყვეტილებით, დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და პროექტის ღირებულება 120 მილიონი ლარია. აქედან 15 მილიონი ლარი არის მსოფლიო ბანკის კონტრიბუცია და ამისთვის მინდა, მსოფლიო ბანკს მადლობა გადავუხადო. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 800-მდე ადამიანი, ჩვენი მოქალაქე. პროექტი განავითარებს ამზომველის პროფესიას და ჩვენ გვეყოლება სახელმწიფოს მიერ სერტიფიცირებული 465 ამზომველი. მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ეს არის ჩვენი ამოცანა. შედეგად, ჩვენ გვექნება ქვეყნის ერთიანი, ზუსტი, კადასტრული და სამართლებრივი სურათი – რუკა; შეიქმნება უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები; განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მიწის რესურსების მაქსიმალურად ათვისებას, ეკონომიკის განვითარებას და ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს, საქართველოს პარლამენტს, უცხოელ პარტნიორებს, იუსტიციის სამინისტროს და მინისტრ რატი ბრეგაძეს და უწყების თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ჩართულია ამ პროექტში.

970X90
გაზიარება