„გირჩი“ 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენების შესახებ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ამზადებს – იაგო ხვიჩია

209
წაკითხვა/ნახვა

გვინდა, რომ როგორც ვიღებთ კანონს 20 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე, ზუსტად იგივე გავაკეთოთ 7 ნოემბერთან და 26 მაისთან დაკავშირებით. კანონპროექტს ორშაბათს შევიტანთ პარლამენტში, – აცხადებს „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია.

ის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ამ ინიციატივას.

„20 ივნისთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის მსგავსს მოვამზადებთ ორივე თარიღთან დაკავშირებით და ორშაბათს შევიტანთ პარლამენტში. შერიგებისთვის აუცილებელია უფრო შორს წავიდეთ და მოვაწესრიგოთ ასეთივე სულისკვეთებით ის თარიღებიც, რომელიც ასევე გვაწუხებს და არ გვაძლევს მოსვენებას. ეს უნდა დავამთავროთ ყველა ისეთ თარიღთან დაკავშირებით, რომელიც რეალურად არის პრობლემა ამ ქვეყნისთვის”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

2007 წლის 7 ნოემბერს სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები დაარბიეს. ამავე დღის ბოლოს სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა. დალეწეს აპარატურა, გაითიშა არხის სამაუწყებლო სიგნალი. დარბევის და ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების შემდეგ, არხმა მაუწყებლობა რამდენიმე თვით შეაჩერა, ამის შემდეგ კი 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დარბევის საქმეზე ევროსასამართლოში არაერთი საჩივარი შევიდა. 7 ნოემბრის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილსა და ვანო მერაბიშვილს წარუდგინეს.

რაც შეეხება 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევას; მომიტინგეებს, რომლებიც ლეტალურ იარაღს, წყლის ჭავლს, ხელკეტებსა და ცრემლსადენ გაზს გაექცნენ, რუსთაველის ქუჩიდან ყველა გასასვლელი ჩაუკეტეს. წლების შემდეგ, სამივე ინსტანციის სასამართლომ უკანონო ბრძანებით უფლებამოსილების გადამეტებაში ყოფილი ხელისუფლების შსს მინისტრი ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო.

კომენტარები
მოწონება