
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სმოლენსკის ტრაგედიის წლისთავს ეხმაურება. ილია დარჩიაშვილი დაღუპულებს ხსოვნას აგებს პატივს და წერს, რომ ლეხ კაჩინსკი საქართველოს დიდი მეგობარი იყო.
„დღეს ვიხსენებთ პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის და 2010 წლის სმოლენსკის ტრაგედიის კიდევ 95 მსხვერპლს. პრეზიდენტი კაჩინსკი საქართველოს დიდი მეგობარი იყო, ხმამაღლა უჭერდა მხარს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და ბრძოლას ევროპული მომავლისთვის“, – წერს დარჩიაშვილი.
12 წლის წინ რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან პოლონური საპრეზიდენტო ავიალაინერი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად, დაიღუპა ბორტზე მყოფი 96-ვე პირი. მათ შორის – პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე.
2011 წელს ინციდენტის გამოძიებაზე მომუშავე სახელმწიფოთაშორისო კომისიამ დაასკვნა, რომ კატასტროფა ეკიპაჟის შეცდომამ გამოიწვია. თუმცა, პოლონეთის მთავრობა ამ დასკვნას არ დაეთანხმა და სმოლენსკის კატასტროფის მიზეზების დასადგენად ალტერნატიული კომისია ჩამოაყალიბა.
2020 წელს პოლონეთის საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავში, რუსეთში ჩატარებული რემონტის დროს, ტროტილი განათავსეს.