ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები სერიოზულად დაფიქრდებიან პრემიერის წინადადებაზე და ნათლად დაინახავენ, რომ ძალა ერთობაში და განვითარება მშვიდობაშია

პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენისას დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე სხვადასხვა სფეროში, დაასახელა არსებული პრობლემები და საზოგადოებას გააცნო მათი გადაჭრის გზები, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

„გასული წელი იყო ჩვენი ხალხის მშვიდობისთვის ბრძოლის, უსამართლო ომში მყოფი უკრაინელების მხარდაჭერის, საქართველოში ეკონომიკური განვითარების ტემპის ზრდის, ევროპული ინტეგრაციის პროცესის აჩქარების, ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული, ახალი დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტების დაწყების, ადამიანის უფლებებზე ზრუნვისა და საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს ეროვნული ინტერესების გამარჯვების ისტორია.

ეს ყველაფერი მთავრობამ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტთან, ყველა სხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევით შეძლო. დღეს პრემიერმა კონკრეტული უპრეცედენტო ინიციატივა გააჟღერა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მიმართულებით. ვფიქრობ, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები სერიოზულად დაფიქრდებიან ასეთ წინადადებაზე და ნათლად დაინახავენ, რომ ძალა ერთობაში და განვითარება მშვიდობაშია.

ბატონმა ღარიბაშვილმა ნათლად გამოკვეთა მთავარი პრიორიტეტი, რაც ყველა ქართველის ოცნებაა-მშვიდობიანი გზით ქვეყნის გაერთიანება. სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების მთავარი საზრუნავი, რაც ყველას აერთიანებს.
ჩემის მხრივ კი მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ღირსეული ლიდერობისთვის!“, – წერს მინისტრი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. რომ ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა პირველ სამ წელიწადში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

გაზიარება