ბატონი რატი ბრეგაძე გამოვიდა და საჯაროდ შესთავაზა, რომ ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი და ადგილზე უმკურნალონ, თუმცა მათ არ უნდათ საქართველოში უმკურნალონ, ერთადერთი მიზნით – მათი ამოცანაა სააკაშვილის გათავისუფლება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მას საპატიმროდან არ გაუშვებენ, რადგან საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და არავინ დგას კანონზე მაღლა.
„მე ერთი ის ვიცი, რომ ჩამოვიდა და გადაწყვიტა რევოლუცია მოეწყო და სისხლისღვრა მოეწყო. ციხეში ჩასმის დღიდან ემუქრებოდა ყველას, რომ სისხლისღვრა დაიწყება, აქ უბედურება მოხდება და ა.შ. შემდეგ იცით, რომ 60 დღე იშიმშილა და ყველა რეკორდი მოხსნა მსოფლიო ისტორიაში და ნახეთ ისიც, რომ თურმე ის ფარულად ჭამდა საკვებს. სააკაშვილის ციხეში ჩასმის დღიდან, მისი ილუზიები იყო, რომ 1 კვირაში, 2-3 თვეში გამოვიდოდა გარეთ. თავის თავს აჯერებდა, ისე კარგად თამაშობდა და ატყუებდა ყველას, რომ ყველა დაიჯერებდა, რომ ის ან შიმშილობს, ან ცუდად არის და გაუშვებდნენ ციხის გარეთ. ეს არ და ვერ მოხდება, რადგან ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და არავის მივცემთ უფლებას, რომ კანონზე მაღლა დააყენოს თავი.
მე ბევრი რამ მოვისმინე, რომ ბატონი სააკაშვილი თურმე დეპრესიაშია და არ მოსწონს გარემო. რომელ პატიმარს მოსწონს ციხის გარემო? ბატონი ბრეგაძე გამოვიდა და საჯაროდ შესთავაზა, რომ ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი კლინიკიდან ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი და ადგილზე უმკურნალონ. მათ არ უნდათ საქართველოში უმკურნალონ, ერთადერთი მიზნით – მათი ამოცანაა სააკაშვილის გათავისუფლება“, – განაცხადა პრემიერმა.
