მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ და ნაცვლად 8,5 %-ისა გვექნება 10%. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

მინდა საუბარი დავიწყო ბიუჯეტის თემის განხილვით. ჩვენ პარასკევს გვქონდა ბოლო განხილვა ეკონომიკური საბჭოს ფორმატში და 30 ნოემბერს პარლამენტს წარედგინება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაზუსტდება და ნაცვლად 8,5%-ისა იქნება 10%, რაც ნიშნავს, რომ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ და ნაცვლად 8,5%-ისა გვექნება 10%. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მინდა შევახსენო ყველას, რომ დაახლოებით 80 მლრდ ლარი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი ჩვენი ქვეყნის. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, „პერ კაპიტა“, ასე ვთქვათ, 7 500 დოლარს მიაღწევს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესია ბოლო ორი წლის განმავლობაში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ბოლო 1 წელიწადში დაახლოებით ასი ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. უმუშევრობა ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმამდე, სიღარიბის შემცირებაც გვაქვს და ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა, იქნება ეს ტურიზმი, ექსპორტი თუ შიდა წარმოება. მოკლედ, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური მაჩვენებლები.

ფაქტობრივი მობილიზების დინამიკის გათვალისწინებით, ჩვენ ვზრდით 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმურ მაჩვენებელს დაახლოებით 390 მილიონი ლარით. გარდა ამისა, გაიზრდება სესხების დაბრუნებისა და სხვა შემოსავლების გეგმური მაჩვენებლები დაახლოებით 270 მლნ ლარით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მომდევნო წელს რესურსი გვეზრდება 660 მილიონი ლარით და, შესაბამისად, ამავე თანხით გაიზრდება ნაერთი ბიუჯეტი და ჯამში 25 მილიარდი ლარი იქნება ნაერთი ბიუჯეტი,“ – აღნიშნა პრემიერმა.

2 წლის წინ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარი იყო. 2023 წლის 1 ივლისიდან ეს დახმარება 200 ლარი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებისთვის 65 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„მინდა რამდენიმე საინტერესო ასპექტი გამოვყო და კიდევ ერთხელ მინდა, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ. ჩვენ სოციალური მიმართულებით მომდევნო წელს სოციალური გასაცემლების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული, გვქონდა ყველა მიმართულებით, იქნება ეს პენსიები, შშმ პირთა დახმარებები და სხვა, და ამას ჩვენ დავუმატეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ზრდაც, რაც არ იყო ბიუჯეტის წინა ვარიანტში განსაზღვრული. მოგეხსენებათ, რომ ბავშვების დახმარება თითო ბავშვზე იყო 50 ლარი, დაახლოებით 2 წლის წინ, თუ არ ვცდები, და გაისად, 2023 წლის 1 ივლისიდან, ეს თანხა 200 ლარი გახდება. თითო ბავშვზე გავცემთ 200 ლარს, რაც მნიშვნელოვანია, და ამაში 65 მილიონი ლარი დაიხარჯება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კერძო სექტორში დასაქმებულთათვის დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარებას გავაორმაგებთ და პირველი იანვრიდან, 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მანამდე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2023 წლიდან, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ.
„ეგრეთწოდებული დეკრეტული შვებულებების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემატური. ამის თაობაზე მე პარლამენტშიც მთხოვეს საკითხის გადაწყვეტა. გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში და პირველი იანვრიდან, 1000 ლარის ნაცვლად, გახდება 2000 ლარი. მანამდე, გახსოვთ, რომ ჩვენ სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ და ეს დახმარება, 1000 ლარის ნაცვლად, იქნება 2000 ლარი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება