როგორც მოკავშირეებს, პასუხისმგებლობა გაგვაჩნია ალიანსის მოკავშირე ქვეყნები დავიცვათ. ამასთან ერთად, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მჭიდრო მოკავშირეებს განსაკუთრებით, რუსეთის მხრიდან აგრესიის კუთხით ყველაზე მოწყვლად ქვეყნებს, როგორიცაა მაგალითად საქართველო, სათანადოდ ვუჭერთ მხარს, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
„მოგეხსენებათ 2008 წელს საქართველომ რუსეთის აგრესია გამოცადა. მჯერა, რომ ასეთ ქვეყნებს, სანამ ალიანსის წევრობას მივანიჭებთ, ძლიერი მხარდაჭერა მაინც უნდა გავუწიოთ. თუ უკრაინიდან რაიმე გაკვეთილი ვისწავლეთ, ის არის, რომ მისთვის მხარდაჭერა უფრო ადრე უნდა გაგვეწია. იგივე შემთხვევაა საქართველოსთან მიმართებაშიც, სწორედ ამიტომ, საქართველოს და მოლდოვას, სწორედ ახლა უნდა გავუწიოთ დახმარება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან ასევე უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდა.
„უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ომი, რაღაც ეტაპზე მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება. მაგრამ, ასევე ვიცით, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგები, სრულად ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. თუ ისეთი შედეგი გვსურს, რომელიც უკრაინისთვის მისაღები იქნება და რომელიც უკრაინის, როგორც ევროპის სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობას უზრუნველყოფს, ამისთვის საუკეთესო გზა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაზრდაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
