წარსულში გვაქვს მრავალი მაგალითი, რომ როცა ჩვენს ქვეყანას ვინმე აკრიტიკებს უცხოეთიდან, ოპოზიციას უხარია, ხოლო როდესაც ქართველ ხალხს, მის ქვეყანას, მის ხელისუფლებას უცხოელი აქებს, ოპოზიციას ეს სწყინს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ეს უკვე მათი დამკვიდრებული ხელწერაა, მათი იმიჯის ნაწილია, რომ ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს ყოველთვის სწყინს, რაც არის სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მითუმეტეს, რომ ევროკომისარ ვარჰეის მხრიდან გვაქვს პოზიტიური გზავნილები, რომ პროცესი სწორ გზაზეა. ამ გზაზე მუშაობასა და წინსვლას გავაგრძელებთ და დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი უკვე მომდევნო ეტაპზე მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და ჩვენ მივიღებთ იმ სტატუსს, რომელიც ქართველ ხალხს ნამდვილად ეკუთვნის“, განაცხადა თეა წულუკიანმა.
სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ვარჰეი ევროკომისიაში ორბანის პარტიის მიერ არის წარდგენილი, ორბანი კი პუტინის მოკავშირეა. ეს განცხადება ევროკომისარზე თავდასხმად შეფასდა სახელისუფლებო პარტიაში და ითქვა, რომ მისი შინაარსი ანტიდასავლურია.
