„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ინიციატივით გამოდის, პარტიაში შეიქმნას შტაბი, სადაც ის ადამიანები გაერთიანდებიან, ვისაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს.
ლევან ხაბეიშვილი მოუწოდებს გიორგი ჩალაძეს ამ შტაბს სათავეში ჩაუდგეს.
„მინდა გამოვიდე ინიციატივით და გიორგი ჩალაძეს, რომელიც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის ამ თვეების განმავლობაში ყველაფერს აკეთებს, შევთავაზო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეიქმნას შტაბი, სადაც გაერთიანდებიან – პოლიტიკოსები, ექიმები, სამოქალაქო სექტორი, ის ადამიანები, ვისაც აინტერესებს სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ამ შტაბს გიორგი ჩალაძე ჩაიდგეს სათავეში. ჩემი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამართლებდეს მის სახელს და შინაარს. ვიყოთ უკომპრომისო ბრძოლაში რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს ხაბეიშვილი.
როგორც ხაბეიშვილი განმარტავს, “ნაციონალურ მოძრაობაში” წარსულს უნდა ჩაბარდეს ყველა სახის დაპირისპირება და გაუგებრობა. ამასთან, დასძენს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” სჭირდება გამაერთიანებელი თავმჯდომარე და არა დამყოფი.
“ნაციონალურ მოძრაობაში” წარსულს უნდა ჩაბარდეს ყველა სახის დაპირისპირება და გაუგებრობა. ისევე, როგორც მთელს ქვეყანაში. ივანიშვილი ჰყოფს, ხლეჩს და აპირისპირებს. ჩვენ ჯერ პარტიაში უნდა მოვახერხოთ გაერთიანება, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში. “ნაციონალურ მოძრაობას” სჭირდება გამაერთიანებელი თავმჯდომარე და არა დამყოფი, დამაპირისპირებელი“,- აღნიშნავს ხაბეიშვილი.
