ირაკლი კობახიძე: დღეს არის ვითარება, როდესაც ჩვენ ვერ შევალთ უკრაინის ხელისუფლების კრიტიკაში, მაგრამ როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებებით გიპირისპირდებიან, ჩვენი მხრიდან პასუხი აუცილებელია

970X90

დღეს არის ვითარება, როდესაც ამის მიუხედავად ჩვენ ვერ შევალთ უკრაინის ხელისუფლების კრიტიკაში, მაგრამ როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებებით გიპირისპირდებიან, ჩვენი მხრიდან პასუხი აუცილებელია. თუმცა ეს პასუხიც ზომიერების ფარგლებში უნდა დარჩეს, ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქვეყანა დღეს ომის მდგომარეობაშია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას მაქსიმალურად აქვს გაწვდილი მეგობრობის ხელი უკრაინის ხელისუფლებისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში.

„წლებია გრძელდება ის ვითარება, როდესაც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გვქონდეს მეგობრული, მჭიდრო კოორდინაცია, კომუნიკაცია და თანამშრომლობა უკრაინის ხელისუფლებასთან, მაგრამ ერთ მარტივ რამეს ვერ ვაღწევთ. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ უკრაინის ხელისუფლებისგან ეს არის ამ ადამიანების გაშვება ხელისუფლებიდან რომლებიც აქ გამოირჩეოდნენ უამრავი დანაშაულით, მკვლელობით, წამებით და ა.შ. ვერავითარი არგუმენტი ამასთან დაკავშირებით ვერ მოვისმინეთ მთელი ამ წლების განმავლობაში და შეუძლებელიც არის ამაზე არგუმენტების წარმოდგენა. საუბარია იმაზე, რომ უნდა იყოს მეგობრული ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. ამის აუცილებელი წინაპირობაა, რომ როდესაც ერთ ქვეყანას აღიარებული ჰყავს პირი კრიმინალად, დამნაშავედ კონკრეტული დანაშაულებისთვის და მათი უდიდესი ნაწილი საზოგადოების თვალწინაა ჩადენილი, როდესაც ასეთი ადამიანები, ცხადი კრიმინალები არიან სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში, რომელთანაც შენ მეგობრული ურთიერთობა გაქვს, ეს არის აბსოლუტურად აუხსნელი. ვერავითარი ახსნა მათი მხრიდან ჩვენ ვერ მოვისმინეთ ამ წლების განმავლობაში. რომ ავიღოთ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ისტორია. თავიდანვე გვქონდა ინფორმაციასთან დაკავშირებით კითხვები, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება გვაწვდიდა კონკრეტულად ამ ფაქტზე. ზოგადად კითხვები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადმოკვეთა უკრაინის საზღვარი მიხეილ სააკაშვილმა? როდესაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, აქ მას სახელმწიფო დახვდა და მოხდა მისი დაპატიმრება, მაგრამ იქ რატომ არ დახვდა მას სახელმწიფო, როდესაც უკანონოდ (თუ კანონიერად აღარ ვიცით უკვე ესეც) კვეთდა უკრაინის საზღვარს. ეს ძალიან საინტერესოა. ბევრ კითხვის ნიშანია, მაგრამ დღეს არის ვითარება, როდესაც ამის მიუხედავად ჩვენ ვერ შევალთ უკრაინის ხელისუფლების კრიტიკაში, მაგრამ როდესაც ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებებით გიპირისპირდებიან, ჩვენი მხრიდან პასუხი აუცილებელია. თუმცა ეს პასუხიც ზომიერების ფარგლებში უნდა დარჩეს, ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქვეყანა დღეს ომის მდგომარეობაშია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

970X90
გაზიარება