გიორგი ბარამიძე განმარტავს როგორ ჩატარდება თავმჯდომარის არჩევნები პარტიაში – კომპიუტერისა და სმარტფონის გამოყენებით პარტიაში ყველამ უნდა შეძლოს ხმის მიცემა

ყველა თვლის, რომ კომპიუტერისა და სმარტფონის გამოყენებით პარტიაში ყველამ უნდა შეძლოს ხმის მიცემა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ პარტიის ოფისში განაცხადა, სადაც დღეს პარტიის ლიდერებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი თავმჯდომარის არჩევის ახალ წესს განიხილავდა.

როგორც ბარამიძემ განმარტა, საჭიროა ისეთი სისტემის შემუშავება, რომელიც იქნება როგორც საყოველთაო, ისე მაქსიმალურად უსაფრთხო და სამართლიანი.

„თუ ვის ექნება ამის საშუალება და როგორ გავაკეთოთ ისე, რომ თან ამომრჩეველთა მრავალრიცხოვნება იყოს უზრუნველყოფილი, მეორე მხრივ კი უსაფრთხო, რათა არ მივცეთ ჩარევის საშუალება ამ რეჟიმს, სუს-ს ან სხვა პარტიას, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” წინსვლა არ სურს, ასეთ ადამიანებს უნდა დავუყენოთ ბარიერი და ფილტრი, რათა მათ ვერ შეძლონ ამ პროცესში მონაწილეობა. ერთი პრინციპი – საყოველთაობა და მეორე – უსაფრთხოება და სამართლიანობა უნდა იყოს შეზავებული”, – განაცხადა ბარამიძემ.

როგორც მან ასევე აღნიშნა, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თავმჯდომარის არჩევის ახალი მეთოდის მოფიქრების დროს უნდა გაითვალისწინონ ორი წლის წინანდელი ანალოგიური პროცესის დროს მიღებული შენიშვნები.

„კანდიდატების საკითხს გადაწყვეტს პოლიტსაბჭო. ასევე პოლიტსაბჭოზე განისაზღვრება, თუ ვინ შეიძლება იყოს დარეგისტრირებული კანდიდატი. პოლიტსაბჭოზე განისაზღვრება იმ ადამიანთა რიცხვი, თუ ვინ შეიძლება იყოს დარეგისტრირებული კანდიდატი. ახლა რომ ადამიანებმა განაცხადეს, რომ სურთ კენჭისყრა, ისინი დარეგისტრირებული კანდიდატები ჯერ არ არიან. შესაბამისად, როდესაც საარჩევნო კომისია იქნება, რომელშიც იქნებიან პოლიტსაბჭოს წევრები და, ალბათ, თითოეული კანდიდატის ოფიციალური წარმომადგენელი, რათა იყოს მაქსიმალური სამართლიანობა და გამჭვირვალობა და არავის ჰქონდეს ამ პროცესთან დაკავშირებით შენიშვნა.

გაზიარება