საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებში მთავრობის კიდევ უფრო მეტი ჩართულობა იქნება. ანუ, უფრო მეტჯერ მოვა მთავრობა პარლამენტში სავალდებულო წესით და ანგარიშს ჩააბარებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ამავდროულად, მთელი რიგი მექანიზმები, რომელიც ეხება საკომიტეტო მუშაობას, კომიტეტში მთავრობის წევრების დაბარებას, მათ შორის დეპუტატის შეკითხვის სრულყოფილებას და მათ მონიტორინგს, ძალიან ბევრი ასეთი საკითხი წესრიგდება ამ ცვლილებებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დღეს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე მესამე მოსმენით იმსჯელებენ. დოკუმენტი, ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მმართველმა გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა მოამზადა. აღნიშნული ითვალისწინებს ცალკეული ნორმების ცვლილებას, დაზუსტებას ან ახლებურად დარეგულირებას, მათ შორის, თემატური მოკვლევის, დეპუტატის შეკითხვის, ინტერპელაციის, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის, მინისტრის საათის, კომიტეტებზე თანამდებობის პირების სავალდებულო გამოცხადებისა და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის განხორციელებას.
