როგორც კომპეტენტური სამსახურების და სამინისტროების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ბუნებრივია, საქართველოს არანაირი შემხებლობა არ აქვს ამ ფაქტთან, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ რუსეთის უშიშროების სამსახურის ბრალდების საპასუხოდ.
„იქნება ტრანზიტული თუ არატრანზიტული ტვირთები, ის გადის ძალიან მკაცრ საბაჟო და უსაფრთხოების კონტროლს, შესაბამისად, არცერთი ასეთი საეჭვო საკითხი და ინციდენტი არ დაფიქსირებულა“, – აცხადებს ოდიშარია.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის („ეფესბე“) განცხადებით, ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების უკან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო და მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი დგას. „ეფესბეს“ განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ოდესის პორტიდან ბულგარეთში გაიგზავნა, შემდეგ კი ბულგარეთის ქალაქ რუსედან ჯერ ფოთის პორტში, შემდეგ კი ერევანში ჩავიდა. 3 ოქტომბერს ერევანში ტვირთს საბუთები შეუცვალეს, რის შემდეგაც საქართველოში დარეგისტრირებული სატვირთო ავტომობილით 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საბაჟო პუნქტის გავლით რუსეთში ჩაიტანეს. საქმეზე უკვე დაკავებულია რუსეთის ხუთი, უკრაინის ორი და სომხეთის ერთი მოქალაქე. „ეფესბეს“ მტკიცებით, ტვირთის გადაადგილების მომზადებაში ასევე საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა.
