ირაკლი ჩიქოვანი დმიტრო კულებას განცხადებაზე: საქართველოს არაფერი აქვს დასამტკიცებელი, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები – ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ურთულეს პერიოდში მხარში დავუდგეთ უკრაინელ ხალხს

970X90

„ბრალდებები, რომლებიც ჩვენ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გვესმის, სრულიად მიუღებელი და ყველანაირ საფუძველს მოკლებულია“, – აცხადებს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი.

მისივე თქმით, თუ რაიმე ინფორმაცია არსებობს და ამის დაზუსტებაა საჭირო, შესაბამისი კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებაა საჭირო და, ამასთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან კომუნიკაცია პრობლემა არ არის.

„რაც შეეხება მოწოდებას დამტკიცებასთან დაკავშირებით, საქართველოს არაფერი აქვს დასამტკიცებელი, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები. მეორე მხრივ, ჩვენი რეგიონი არის ურთულესი რეგიონი და საქართველო არც ერთ შეთხვევაში არასოდეს არ ყოფილა სანქციების თავის არიდების ადგილი. სამწუხაროა, რომ მეგობრული სახელმწიფოს ხელისუფლებას ასეთი პოზიცია აქვს, მაგრამ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ურთულეს პერიოდში მხარში დავუდგეთ უკრაინელ ხალხს“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, საქართველომ ვერ დაამტკიცა, რომ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება. მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

970X90
გაზიარება