საქართველო ყველა საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ. საქართველო შეერთებულია ყველა იმ საერთაშორისო სანქციას, რაც დაწესებულია და აქაც არანაირი საგნობრივი შენიშვნა და კითხვა ჩვენ დასავლელ პარტნიორებს არ გააჩნიათ, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს სამხედრო პოტენციალი აბსოლუტურად არანაირად არ შეიძლება გამოყენებული იყოს იმ მძიმე ომში, რაც დღეს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო ვერ ახერხებს შეიარაღების იმ დონეზე მიწოდებასა და უკრაინის გაძლიერებას, რომ აღიკვეთოს ეს აგრესია. ეს განცხადება [რასა იუკნევიჩიენეს განცხადება] უფრო მეტად ისევ იმ ძველი კურსის გაგრძელებაა, რომ რამენაირად საქართველო ამ სიტუაციაში ერთგვარად სამხედრო კონფლიქტის ნაწილად იქცეს და საქართველოზეც წამოვიდეს აგრესიის ნაწილი. შესაძლოა, მას ამით წარმოუდგენია, რომ განეიტრალდება სიტუაცია უკრაინაში, არ განეიტრალდება და კიდევ ერთი ახალი უბედურება და ახალი ნგრევის ადგილი გაჩნდება ამ სივრცეში. მიმაჩნია, რომ მისი ეს განცხადება არ არის გონივრული. არაკომპეტენტური განცხადებაა. სოლიდარობა, რაც საქართველოს შეუძლია საერთაშორისო არენაზე იქნება თუ სხვა კუთხით, ეს ცალსახად არის გამოხატული და ამის გარშემო სპეკულირება, მიმაჩნია, რომ ცოტა მორალურ და ზნეობრივ კატეგორიას სცდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
