თეა წულუკიანმა მუზეუმებიდან თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ბრალდებებს უპასუხა. კულტურის მინისტრმა ამ თმაზე გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუზეუმების თანამშრომლებს შორის არიან კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც ოპოზიციას, კერძოდ კი „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერენ მხარს, თუმცა ამის გამო სამსახურს არ კარგავენ.
„ჩვენ დღეს მუზეუმში გვყავს „ხუთოსნები“ – ისინი, ვინც „დაგლახავებულ“ ხუთიანს ხაზავენ. ისინი ამაზე ღიად საუბრობენ და არიან თავისი საქმის პროფესიონალები. ეს ადამიანები მუშაობენ, აწყობენ შესანიშნავ გამოფენებს, მართავენ ფონდებს. არავითარი პრობლემა არ აქვთ. ალბათ არ არის საჭირო იმის დაზუსტება, რომ ჩემი და მათი გემოვნება არ ემთხვევა, მაგრამ ღიად ვამბობ – მთავარი კრიტერიუმი არის ის, რომ ადამიანი უნდა იყოს თავისი საქმის არა მხოლოდ პროფესიონალი, არამედ ერთგული. მუზეუმში საქმის ერთგულება ნიშნავს იმ სიწმინდის ერთგულებას, რომელიც ქართველმა ხალხმა მოგაბარა, ფიროსმანის ტილოს ერთგულებას. ეს არ ნიშნავს ჩემი ან 41-ის ერთგულებას. თუმცა, რომ გითხრათ ფიროსმანის ერთგულება და 41-ის ერთგულება არ მესიამოვნება, მოვიტყუები. მაგრამ არიან ადამიანები, ვინც არიან ქართული კულტურის ხმალამოღებული დამცველები, მაგრამ პოლიტიკურად სხვანაირად ხედავენ მოვლენებს. ისინი აგრძელებენ მუშაობას“, – განაცხადა წულუკიანმა.
